ხოკრიშვილი: საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარებისთვის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს

გამოწერა
გერმანიაში საქართველოსთვის უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხი, სავარაუდოდ, 2018 წლის მაისში განიხილება

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, საქართველო სრულად აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომელიც უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარებისთვისაა დადგენილი, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გერმანიაში საქართველოს ელჩის  ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადებაზე დაყრდნობით.  

ბერლინი - Sputnik საქართველო
გერმანიის ხელისუფლება საქართველოს უსაფრთხოებაში დარწმუნებულია

მანამდე, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა შტეფან მაიერმა განაცხადა, რომ გერმანია აპირებს დააყენოს „უსაფრთხო წარმომავლობის ქვეყნების“ სიის გაფართოვების საკითხი და ჩამონათვალში  საქართველოც შეიტანოს. ინიციატივის მთავარ მიზეზად თავშესაფრის მინიჭებაზე განაცხადების დამუშავების პროცესის დაჩქარება სახელდება. გარდა საქართველოსი, უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში ასევე შევლენ: სომხეთი, ალჟირი, ტუნისი და მაროკო.

როგორც შტეფან მაიერმა განაცხადა, „საქართველოს უსაფრთხო წარმომავლობის ქვეყნად გამოცხადება კანონიერია იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს ამისთვის“.

ხოკრიშვილის განცხადებით, გერმანიის შს მინისტრი თომას დე მეზიერი 2018 წლის მაისში  მთავრობის კაბინეტს წარუდგენს გეგმას, რომელიც თავშესაფრის განაცხადების განხილვის დაჩქარებულ პროცედურას ითვალისწინებს.  ეს პაკეტი ასევე მოიცავს საქართველოსთვის უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნის სტატუსის მინიჭებასაც. 

ელგუჯა ხოკრიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარებისთვის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს და ამ გადაწყვეტილების ამოქმედების შემდეგ ორივე მხარეს ლეგალური მიგრაციის პროცესის მართვა მარტივად შეეძლება.

„თავისთავად, ის გარემოება, რომ გერმანიაში საქართველოდან თავშესაფრის განაცხადების აღიარების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია, მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებული ვითარება მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებს აკმაყოფილებს“, – განაცხადა ხოკრიშვილმა. 

ბერლინი - Sputnik საქართველო
არალეგალებისგან შეწუხებული გერმანია: სამი ათასი ევრო მათ, ვინც საქართველოში დაბრუნდება

კერძოდ, გერმანიაში  საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა განცხადებები, ძირითადად, არ კმაყოფილდება და აღიარების მაჩვენებელი 1%-ს არ აღემატება.

„საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარება კიდევ უფრო გაამარტივებს თავშესაფრის განაცხადების განხილვის პროცედურას და მინიმუმამდე შეამცირებს განხილვის ვადებს“, – აღნიშნა  გერმანიაში საქართველოს ელჩმა.

ხოკრიშვილის განმარტებით,  პროცედურის თანახმად, გერმანიის მთავრობის კაბინეტის თანხმობის გარდა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება საჭიროებს პარლამენტისა და ფედერალური საბჭოს თანხმობას.

2018 წლის მარტში ისლანდია გახდა მეექვსე ქვეყანა ბელგიის, საფრანგეთის, ისრაელის, ბულგარეთისა და ავსტრიის შემდეგ, რომელმაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნად ცნო.

უსაფრთხო ქვეყანათა სიაში შეყვანით აღნიშნული ქვეყნები აღიარებენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ ემუქრებათ დევნა რელიგიური, ეროვნული, სოციალური, პოლიტიკური თუ რასობრივი კუთვნილებით. შესაბამისად, ხელშესახები მიზეზის გარეშე საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარს არ აძლევენ.


ყველა ახალი ამბავი
0