თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. ზემო ვეძისში სროლის დროს დაჭრილი ერთიერთ– ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა, იუწყება ტელეარხი Imedi.
ინციდენტი გუშინ მოხდა. მედიის ინფორმაციით, უცნობმა პირმა ავტომობილიდან ცეცხლსასროლი იარაღით ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის, მორაგბე ლაშა საჯაია და მისი ძმა. ყველა მათგანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. გოგონა, რომელიც სროლის შედეგად დაიჭრა, საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს.
„ოთხივე დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ერთ–ერთი რეანიმაციულ განყოფილებაშია, სამი მათგანი კი უკვე პალატაშია გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ოთხივე დაჭრილს ქირურგიული ჩრევა დასჭირდა“, – განაცხადა ქირურგმა ზვიად ძნელაძემ.
თუ რა გახდა ინციდენტის მიზეზი – ჯერჯერობით უცნობია. ამ დროისთვის თვითმხილველების დაკითხვა მიმდინარეობს.
ერთ–ერთი ვერსიით, მომხდარის მიზეზი შურისძიებაა. თვითმხილველების განცხადებით, უცნობმა პირებმა ცეცხლი შავი ფერის „ჯიპიდან“ გახსნეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, სამი ადამიანი ისროდა.
მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა–ტარების მუხლებით აღიძრა.