თბილისი, 11 აპრილი— Sputnik. ქართველი პიანისტი ლუკა ოქროსცვარიძე (ლუკა ოქროს) სოლო-კონცერტით თბილისში წარდგება — მუსიკოსი შეასრულებს ფრიდერიკ შოპენის „ოთხ ბალადას“, სერგეი რახმანინოვის ნაწარმოებს „ექვსი მუსიკალური მომენტი“ და სერგეი პროკოფიევის სონატა №3.
კონცერტი პარასკევს, 13 აპრილს სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია კონსერვატორიის სალაროებში და ონ-ლაინ.
პიანისტის გეგმებშია კონცერტები პარიზში (კორტოს დარბაზი), ვალენსიაში (მუსიკის სასახლე), დუბლინში (დუბლინის სამეფო საზოგადოება), ამსტერდამში (კონსერტგებაუ), ვარშავაში (შოპენის მუზეუმი), სინგაპურში (დარბაზი „ვიქტორია“).
ლუკა ოქროსცვარიძე 1991 წელს თბილისში დაიბადა. ფორტეპიანოზე დაკვრა ოთხი წლიდან დაიწყო. სწავლობდა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ გიმნაზიაში (მარინა გელაშვილის კლასი). 1996 წელს საქართველოს კომპოზიტორთა კავშირში პირველი სოლო-კონცერტით გამოვიდა. 1998 წელს მონაწილეობა მიიღო ფესტივალში "პლანეტის ახალი სახელები", სადაც დიპლომით დაჯილდოვდა და პირველად მიიღო საქართველოს პრეზიდენტის გრანტი. ეს გრანტი მან მიიღო 1999, 2001, 2002, 2003 და 2004 წლებშიც.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ლუკამ ათზე მეტი პრესტიჟული ჯილდო მოიგო, მათ შორის პირველი პრემიები შოპენის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე ჰანოვერში (2017), პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე ჰონკ-კონგში (2016), პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე მაროკოში (2016), ჰოსე იტურბის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე ვალენსიაში (2015), კონკურსზე Piano Campus Competition საფრანგეთში (2015). მას ასევე ეკუთვნის ფონდ „ჰატორის“, ფონდ „ტილეტ ტრასტის“ პრემიები, Tabor Foundation Piano Award-ის პროზი, რომელიც მას შვეიცარიის ვერბიეში ფესტივალზე გადაეცა.
Грузинский пианист Лука Окрос