თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. ტრადიციულად ქცეული საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ საქართველოში 12 აპრილს დაიწყება და 17 მაისამდე გასტანს.
წლევანდელი ფესტივალი საქართველოს პატრიარქის დაბადებიდან 85 წლის იუბილეს ეძღვნება.
რიგით მე-13 ფესტივალის გახსნა შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის სცენაზე შედგება. გალა-კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ლიტველი ტენორი კრისტიან ბენედიქტი, იტალიელი ბარიტონი ვიტორიო ვიტელი, იტალიელი დირიჟორი ატილიო ტომაზელი.
14 აპრილს რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე წარმოდგენილი იქნება რობერტ სტურუას სპექტაკლი „მარია კალასი. გაკვეთილი“, რომელიც რეჟისორის 80 წლის იუბილეს ეძღვნება. დასაწყისი 19:00 სთ.
17 აპრილს, საქართველოში ანდრია მოციქულის შემოსვლის აღსანიშნავად, თბილისის კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმში გაიმართება პროექტ „ჭვენიერობის“ პრეზენტაცია, რომელიც იგივე სახელწოდების დღესასწაულის აღდგენას ეძღვნება. დასაწყისი 15:00 სთ.
19 აპრილს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის წარმოდგენილი იქნება ზურაბ ნადარეიშვილის „ამბავი რწყილისა და ჭიანჭველისა“ და პროკოფიევის სუიტა „პეტია და მგელი“, რომელსაც ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ცენტრალური მუსიკალური სკოლის „ნიჭიერთა ათწლედის“ აღსაზრდელები შეასრულებენ. დასაწყისი 16:00 სთ.
27 აპრილს მწერალთა სახლში გაიმართება კომპოზიტორ დათო ევგენიძის საღამო. დასაწყისი 18:00 სთ.
7 მაისს კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩატარდება კლასიკური მუსიკის საღამო გერმანული სექსტეტის Del-Altre-ს მონაწილეობით. დასაწყისი 19:00 სთ.
თბილისის გარდა წელს ფესტივალის ფარგლებში საქართველოს რეგიონებშიც არაერთი ღონისძიება გაიმართება. კომპოზიტორი დათო ევგენიძე პროგრამით „12 მუსიკალური მოციქული“ ეწვევა:
• 3 მაისს თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრს — დასაწყისი 18:00 სთ;
• 10 მაისს ქუთაისის ოპერის თეატრს — დასაწყისი 18:00 სთ;
• 11 მაისს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრს — დასაწყისი 18:00 სთ.
ფესტივალს დახურავს თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი ნაწარმოებით „საქართველოს სინფონიეტა“. დირიჟორი მირიან ხუხუნაშვილი. დასაწყისი 19:00 სთ.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე biletebi.ge
ფესტივალი, ტრადიციულად, აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის კვირაში იწყება და ამაღლების დღესასწაულზე მთავრდება.