თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე დიღმის მასივში მომხდარი ინცინდენტის მონაწილეებს შორის ფეხბურთში ამხანაგური მატჩის გამართვის ინიციატივით გამოდის.
კვირას, 8 აპრილს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ დიღმის მასივში, ბელიაშვილის ქუჩაზე ჯოხებით შეიარაღებულმა რამდენიმე მამაკაცმა თავდაპირველად შავკანიანი ახალგაზრდების სპორტული მოედნიდან გაძევება დაიწყო, სადაც ისინი ფეხბურთს თამაშობდნენ, ხოლო შემდეგ – მათი ცემა. დაშავებულები მიიჩნევენ, რომ ინციდენტი რასობრივი კუთვნილების გამო მოხდა.
დედაქალაქის მერმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს ამხანაგური მატჩის კვირის ბოლომდე ორგანიზება სთხოვა. მისი თქმით, მატჩი იმავე მოედანზე გაიმართება, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასა და შავკანიან ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა.
„რაც მოხდა, ამას, რა თქმა უნდა, გამოძიება დაადგენს, მაგრამ ძალიან ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი. ჩვენ, ქართველებს არ გვჩვევია ასეთი დამოკიდებულება და მიდგომები. ამხანაგურ თამაშში მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი მოსახლეობა და სასწავლებლად ჩამოსული აფრიკელი სტუდენტები, რომლებიც იმ დღეს თამაშობდნენ. ძალიან კარგი იქნება, ის ცუდი, რაც მოხდა, დავიწყებას მივცეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამხანაგურ მატჩში თავად თბილისის მერიც მიიღებს მონაწილეობას. მან თამაშში მონაწილეობა დედაქალაქის მთავრობის წევრებსაც შესთავაზა. კალაძე ყველა დაინტერესებულ პირს მოუწოდებს, ჩაერთოს ამ ინიციატივაში და დავიწყებას მისცეს „ცუდი ლაქა“.
კახა კალაძის თქმით, თბილისი ყველაზე ტოლერანტული ქალაქია და ქართველებს მსგავსი დამოკიდებულებები არ სჩვევია.
„დღეს, საღამოს 6 საათზე ფეხბურთს ვთამაშობდით საზოგადოებრივ მოედანზე, როდესაც ჩვენთან მოვიდა ქართველი და მოითხოვა, რომ მოედანი დაგვეტოვებინა. ვკითხეთ, თუ რატომ, მან კი გვიპასუხა, რომ უნდა დავტოვოთ მოედანი და ამ ქვეყნიდან წავიდეთ. მან გვითხრა, რომ უფლება არ გვაქვს, მის ქვეყანაში ვიმყოფებოდეთ, რადგან შავები ვართ“, – დაწერა ერთ–ერთმა დაზარალებულმა თავის Facebook–გვერდზე მომხდარი ინცინდენტის შემდეგ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც შავკანიანმა სტუდენტებმა ძალადობის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში განათავსეს, ისინი მუქარის შემცველ და რასისტულ შეტყობინებებს იღებენ.
ინცინდენტის თვითმხილველი ადგილობრივი მოსახლეობა კი თვლის, რომ თავად შავკანიანი ახალგაზრდები იქცეოდნენ გამომწვევად, ბავშვებს მოედანზე სათამაშოდ არ უშვებდნენ და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ მათ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბელიაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა სტუდენტების ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო.