ზურაბ პოლოლიკაშვილმა ლიონელ მესი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საპატიო ელჩად დაასახელა

© FB / World Tourism Organization ზურაბ პოლოლიკაშვილი და ლიონელ მესი
ზურაბ პოლოლიკაშვილი და ლიონელ მესი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზურაბ პოლოლიკაშვილი პირველი ქართველია, რომელიც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანად აირჩიეს

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი ორგანიზაციის საპატიო ელჩად დაასახელა, ნათქვამია  მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO)  ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ლიონელ მესი  ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევა. იგი არის ხუთი ოქროს ბურთის მფლობელი,  რომელთაგან პირველი ჯერ კიდევ 21 წლის ასაკში მოიგო.  ლიონელ მესი აქტიურად მონაწილეობს საქველმოქმედო პროექტებში, 2010 წლიდან კი გაეროს ბავშვთა ფონდის კეთილი ნების ელჩია. 

„ჩემი მოგზაურობების დროს მქონდა შესაძლებლობა, გავცნობოდი სხვა კულტურებს და საზოგადოებებს. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია მუშაობს ტურიზმის განვითარებისთვის და მე ბედნიერი ვარ, რომ შევუერთდები და ხელს შევუწყობ ამ მისიას“, – განაცხადა ლიონელ მესიმ. 

ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის განცხადებით, მესი უნიკალური სპორტსმენია და მუდმივი მუშაობის მაგალითია.

„დიდი პატივია, რომ მესი შეუერთდეს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას და სხვა ცნობილ ადამიანებს, ტურიზმის ფასეულობებისა და უპირატესობების განვითარების ხელშესაწყობად“, — აღნიშნა პოლოლიკაშვილმა.

პოლოლიკაშვილმა მესის შესაბამისი მოწმობა კამპ ნოუზე ბარსელონა-ლეგანესის მატჩის შემდეგ გადასცა.

ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად 2017 წლის 14 სექტემბერს დაამტკიცეს. პოლოლიკაშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ამ ორგანიზაციის მადრიდში გამართულ სესიაზე ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. ზურაბ პოლოლიკაშვილი პირველი ქართველია, რომელიც ამ პოსტზე აირჩიეს.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია გაეროს სპეციალიზებული ორგანოა, რომელიც  წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა ტურიზმის სფეროში. ორგანიზაცია 1974 წელს დაფუძნდა. 

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია ხელს უწყობს გონივრული, სიცოცხლისუნარიანი და ყველასათვის ხელმისაწვდომი ტურიზმის განვითარებას, განსაკუთრებულ ყურადღებას კი განვითარებად ქვეყნებს აქცევს. 

 

ყველა ახალი ამბავი
0