თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. მარიამ ხაჭვანის ფილმი „დედე" ვენაში აპრილში დაგეგმილ LET’S CEE Film Festival-ზე იქნება წარდგენილი, იუწყება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი Facebook-გვერდზე.
„დედე“ ფესტივალზე კატეგორიაში Promising debuts წარდგება და ფილმის პრემიერაზე მთავარი როლის შემსრულებელი ნათია ვიბლიანი არის მიწვეული.
„დედე" — სვანური ბალადაა სიყვარულზე. ფილმმა მრავალი საერთაშორისო ჯილდო მიიღო. ის მოგვითხრობს სვან გოგონაზე, რომელიც იბრძვის სიყვარულისთვის, მაგრამ ამ მხარეში ტრადიციები სიყვარულზე მაღლა დგას.
ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში. დიალოგების დიდი ნაწილი სვანურ ენაზეა, ხოლო მსახიობების უმეტესობა სვანები არიან.
„დედე“ ოთხი ქვეყნის კოპროდუქცია: საქართველოს, ირლანდიის, კატარის და ჰოლანდიის. მთავარ როლებში: გიორგი ბაბლუანი, ნათია ვიბლიანი, გირშელ ჭელიძე, ნუკრი ხაჭვანი.
ფილმი „დედე" კარლოვი ვარის 52-ე საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორია. ხაჭვანის სურათი, რომელიც მონაწილეობდა საკონკურსო პროგრამაში East of the West, ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა. 2017 წლის ოქტომბერში ფილმმა ორი ჯილდო მოიპოვა: პოლონეთის კინოფესტივალ „ტოფიფესტზე" საუკეთესო რეჟისურისთვის „ვერცხლის ანგელოზით" დაჯილდოვდა, ხოლო საფრანგეთში, მონპელიეს Cinemed-ის ფესტივალზე მაყურებლის სიმპათიის პრიზი მოიპოვა. შემდეგ კი პრესტიჟული საერთაშორისო Asia Pacific Screen Awards-დან (APSA) გამარჯვებული დაბრუნდა.
ფილმის ქართული პრემიერა 2018 წლის 22 თებერვალს გაიმართა.
მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიაში, კიდევ ერთი ქართული ფილმი — „ანა/იძინებს მზე" იქნება ნაჩვენები, რომელსაც ფილმის რეჟისორი მარგო ზუბაშვილი ფესტივალზე თავად წარადგენს. საავტორო კინოს ХII საერთაშორისო ფესტივალზე BIAFF, რომელიც ბათუმში 2017 წლის 17-24 სექტემბერს ჩატარდა, ფილმ „ანას“ ჟიურის დიპლომი გადაეცა.
ავსტრიის დედაქალაქი LET’S CEE Film Festival-ს 13-22 აპრილს უმასპინძლებს.