თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ლელობურთი ითამაშეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
თითქმის ორასი წელია, გურულები ლელობურთს შუხუთში ყოველ აღდგომა დღეს თამაშობენ.
ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთი (ანუ, ზემოურები და ქვემოურები) ზუსტად 16-კილოგრამიანი, საქონლის ტყავისგან შეკერილი ბურთით ეპაექრება და გამარჯვებული სოფლის ის ნაწილია, რომელიც ბურთს თავისი უბნისკენ წაიღებს და ღელეზე გადებულ ბოგირებთან ახლოს დადებს.
თამაშს, ტრადიციისამებრ, შუხუთის ტაძრის მღვდელი იწყებს, რომელიც ბურთს აგდებს და თუ დროულად არ მოასწრო მოთამაშეებს გარიდება, ადვილი შესაძლებელია, რომ ხალხის მასამ დიდ ჭყლეტაში ჩაიყოლოს.
წელსაც თამაში 17:00 საათზე დაიწყო და ორ საათსა და 20 წუთს გაგრძელდა.
შუხუთში ლელობურთი წელს „ქვემოურების“ გამარჯვებით დასრულდა, გასულ წელს კი თამაში „ზემოურებმა“ მოიგეს.
ტრადიციის თანახმად, გამარჯვებულებმა ფუთიანი ბურთი მიმდინარე წელს გარდაცვლილი ახალგაზრდა თანასოფლელის საფლავზე უნდა წაიღონ.
ლელობურთის მოთამაშეებმა ადგილობრივი მაცხოვრებლის ბაღიც გადათელეს — თამაშისას ერთფუთიანი ბურთი საკარმიდამო ნაკვეთში შევარდა. უკან კი მოთამაშეთა ნაკადი მიყვა, შედეგადაც განადგურდა ადგილობრივი მაცხოვრებლის ხე-ხილი და ნათესები.
„ჩემი ეზოა. დაიცავიო. ამდენი ადამიანისაგან როგორ დავიცვა. ითამაშონ ქუჩაში, სტადიონზე. კერძო საკარმიდამო ნაკვეთში შევარდნა რა კომენტარს საჭიროებს. ვინ ამინაზღაურებს ზარალს“, – განაცხადა ეზოს მეპატრონე, შუხუთელმა ბონდო იმნაიშვილმა.
დღეს შუხუთში ლელობურთის სანახავად უცხოელი ტურისტები, ხელისუფლების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებიან.