თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. თბილისში ორი დღის განმავლობაში მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს ქალაქის სასაფლაოებზე უფასოდ მიიყვანს, აღნიშნულია მერიის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 8 და 9 აპრილს 08:00-დან 20:00 საათამდე, თბილისის სასაფლაოების მიმართულებით, უფასო ავტობუსები იმოძრავებენ.
მუნიციპალური ტრანსპორტი მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებზე მგზავრებს მეტრო „დიდუბიდან“ გაიყვანს, ხოლო კუკიასა და მახათას სასაფლაოების მიმართულბით სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან გავა, საბურთალოს სასაფლაოზე ავტობუსები მეტრო „დელისიდან“, თბილისის ზღვის სასაფლაოზე კი მეტრო „სარაჯიშვილიდან“. ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი გაჩერდება ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის 25-ე კორპუსის მიმდებარედ, ხოლო ვარკეთილის სასაფლაოებისკენ ავტობუსი იმოძრავებს მეტრო „ვარკეთილიდან“ და შუამთის ქუჩის მე-10 კვარტლიდან.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 7 აპრილს მეტროს მუშაობა გახანგრძლივდება. თბილისის მეტრო 23:00 საათიდან 8 აპრილის დილის 4:00 საათამდე მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრანსპორტის შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით, თბილისში მდებარე სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდება.
„საბურთალოს, კუკიას, მუხათგვერდის და თბილისის ზღვის სასაფლაოების მიმართულებით ავტომანქანები შემდეგი მარშრუტებით იმოძრავებენ: საბურთალოს სასაფლაოსთან ავტომანქანებით მისვლა შესაძლებელი იქნება ვაჟა-ფშაველას გამზირიდან სანდრო ეულის ქუჩისა და უნივერსიტეტის ქუჩის გავლით. სასაფლაოს ტერიტორიას ავტომანქანები უნივერსიტეტის ქუჩით, თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით დატოვებენ“, — ნათქვამია განცხადებაში.
კუკიას სასაფლაოს მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება ჩიტაიას მოედნიდან, ნორიოს აღმართისა და მამარდაშვილს ქუჩის გავლით. სასაფლაოს ტერიტორიას ავტომანქანები ცაიშის, ქვალონის, აბაშიძის და 9 ძმის ქუჩებით დატოვებენ.
მუხათგვერდის სასაფლაოსკენ ავტომანქანებისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება როგორც დავით აღმაშენებლის ხეივნიდან, ასევე, ფარნავაზ მეფის გამზირიდან.
თბილისის ზღვის სასაფლაოს მიმართულებით, ავტომობილები მოძრაობას შეძლებენ ხუდადოვის და ანაპის დივიზიის ქუჩებით, ასევე, თემქის მხრიდან. უკან დაბრუნება შესაძლებელი იქნება მუხრანის, ბეჟანიშვილისა და ხუდადოვის ქუჩებით.
მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს წელს 8 აპრილს აღნიშნავს. აღდგომის მეორე დღეს, ორშაბათს, ტრადიციულად საქართველოს მოქალაქეები სასაფლაოზე გადიან და ახლობლებსა და ნათესავებს იხსენებენ.