თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია ჩაატარა და ყველა მორწმუნეს ხარების დღესასწაული მიულოცა.
ღვთისმშობლის ხარება — ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია, რომელსაც ეკლესია ყოველწლიურად 7 აპრილს აღნიშნავს — ქრისტეშობამდე 9 თვით ადრე.
„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულებს. იშვიათი შემთხვევაა, რომ დიდ შაბათს დაემთხვა ხარების დღესასწაული. მთავარანგელოზი გაბრიელი მოევლინა ღვთის განგებით ღვთისმშობელ დედას და მიმართა მას – გიხაროდენ მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთან არს“, — ბრძანა ილია მეორემ.
პატრიარქმა შეკრებილ მრევლს მოუწოდა, მასთან ერთად წაეკითხათ ღვთისმშობლის საგალობელი.
„ეს დღესასწაული იმდენად დიდია, რომ ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, მე გამიგონია მათგან, რომ ჩიტიც კი ბუდეს არ იკეთებს ამ დღესასწაულზე, იმდენად დიდია ეს დღესასწაული. შევთხოვოთ უფალს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით, მისი მეოხებით, მისი შუამდგომლობით, მშვიდობა მოგვცეს ჩვენ, სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს“, — ბრძანა ილია მეორემ.
სადღესასწაულო წირვის შემდეგ მღვდელმთავრები მცხეთაში გაემგზავრნენ, რათა საქართველოს უძველესი დედაქალაქი აკურთხონ. ილია მეორის კურთხევით ეს ძველი ტრადიცია სამი წლის წინ აღდგა.