თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. რაჭაში, „ონის კასკადის“ მშენებლობის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ონის ჰესების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების მემორანდუმი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ კომპანია „ფერისთან“ 2015 წლის 16 ივლისს გაფორმა.
აქცია ონში მოძრაობა „არა ონის კასკადს“ წევრების ორგანიზებით დაიწყო. ისინი ონის კასკადის მშენებლობას აპროტესტებენ. აქციას სვანეთიდან და თბილისიდან ჩასული აქტივისტებიც შეუერთდნენ.
მოძრაობის წევრების განმარტებით, ექსპერტები აცხადებენ, რომ „ონის კასკადის“ პროექტში უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტები არ არსებობს და პროექტი განხორციელების შემთხვევაში ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს, რაც ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხეს შეუქმნის.
მათივე თქმით, ონის გამგეობაში პროექტის საჯარო განხილვის შესახებ საზოგადოებას არ ეცნობა და ადგილობრივებმა ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციისგან მხოლოდ წინა დღეს გაიგეს.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, ეს კიდევ ერთხელ ბადებს იმის ეჭვს, რომ პროექტი სახიფათოა და სახელმწიფო უწყებებმა არ უნდა მისცენ კომპანია „ფერს“ მისი განხორციელების ნებართვა.
როგორც მოძრაობა „არა ონის კასკადს“ წევრებმა აღნიშნეს, ისინი პოლიტიკურ პარტიებთან არ თანამშრომლობენ.
ონის ჰესების კასკადის პროექტში ინვესტიცია თანაინვესტირების ფონდმა განახორციელა. ფონდი საქართველოში 2 მილიარდი დოლარის ღირებულების ინვესტიცია განახორციელა.
თანაინვესტირების ფონდი 2013 წლის სექტემბერში შეიქმნა. მისი დამაარსებელია ყოფილი პრემიერ–მინისტრი, მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი. ფონდის სახსრები, ძირითადად, ლოგისტიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, მრეწველობის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში მსხვილ პროექტებს ხმარდება.