თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. თურქეთში, ანტალიაში მიმდინარე გრან-პრიზე ქართველმა ძიუდოისტებმა ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).
ფინალში ბაგრატ ნინიაშვილმა (-66კგ) მოლდოველი დენის ვიერუ 33 წამში იპონითა და ვაზარით დაამარცხა. მანამდე ნინიაშვილმა კუბელ ოსნიელ სოლისს, ირანელ ალირეზა ხოიასტეჰს, ყაზახ იელდოს ზუმაკანოვს და თურქ სინან სანდალს მოუგო.
ჯაბა პაპინაშვილი (-60კგ), რომელიც ამირან პაპინაშვილის ძმა არის, ფინალში რუს ალბერტ ოზუგოვთან დამარცხდა. მანამდე პაპინაშვილმა სლოვენიელ მატიას ტრბოვს, რუსეთის სახელით მოასპარეზე იაგო აბულაძეს, ამერიკელ ადონის დიაზს და მონღოლ ამარბოლდ ჯაგვარალდორჯს სძლია.
თურქეთის გრან-პრი შაბათს გაგრძელდება და მედლები 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში გათამაშდება. საქართველოს სახელით ომარი ნიაზაშვილი და ტატო გრიგალაშვილი იასპარეზებენ.
ტურნირი 8 აპრილს დასრულდება.