ხარების დღესასწაულზე მცხეთის კურთხევის ცერემონია შესრულდება

გამოწერა
წელს ხარების დღესასწაული ვნების კვირის შაბათ დღეს ემთხვევა

თბილისი,  5 აპრილი — Sputnik.  ქალაქ მცხეთის კურთხევის  ცერემონია  7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება, აღესრულება საზეიმო ლიტურგია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ლიტურგიის შემდეგ საზეიმო მსვლელობა გაიმართება, რა დროსაც მთელ ქალაქს ნაკურთხ წყალს ასხურებენ. 

 „მე-11 საუკუნეში წმინდა კათალიკოს-პატრიარქ მელქისედეკ პირველის მიერ შედგენილი ანდერძის მიხედვით, ხარება წმინდა დედაქალაქ მცხეთის დღესასწაულად და მისი კურთხევის დღეს დადგინდა. რამდენიმე წელია, რაც აღდგა ეს დღესასწაული, ხოლო წელს მისი უწმინდესობის ლოცვა —კურთხევით საეპისკოპოსო წირვის შემდეგ სვეტიცხოვლის ტაძარში მღვდელმთავარი და სამღვდელოება აკურთხებენ წმინდა დედაქალაქ მცხეთას”, – აღნიშნა არქიდიაკონმა დემეტრემ.

ყოველწლიურად მართლმადიდებლური  ეკლესია 7 აპრილს  ხარებას ზეიმობს.  ის  ერთ–ერთია 12 ძირითად მართლმადიდებლურ დღესასწაულთა შორის, რომელსაც ქრისტიანები ქრისტეს შობამდე ცხრა თვით ადრე ზეიმობს.

სახარების მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზმა ამ დღეს ახარა ქალწულ მარიამს, რომ ის შობდა მესიას – იესო ქრისტეს.

ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ყველა ეკლესია–მონასტერში საზეიმო წირვა–ლოცვა აღესრულება.

 

ყველა ახალი ამბავი
0