თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას ეროვნულ დონეზე გამართავს, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის სხდომაზე გაჟღერდა.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი მოზარდ თაობაში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა. სასკოლო სპორტული ოლიმპიადის საწყის ეტაპზე ჩართვა, სპორტული მონაცემების მიუხედავად, ყველა მოსწავლეს შეუძლია – 1,7 ათასი საჯარო და კერძო სკოლების 100 ათასზე მეტი მოსწავლე.
პროგრამის ბიუჯეტი თითქმის გაორმაგდა. სულ რვა ათასზე მეტი შეჯიბრი გაიმართება. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განათლების სამინისტროს ინიციატივა მოიპონა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოზარდებმა ერთმანეთი გაიცნონ სპორტში და არა — ქუჩაში. ამიტომ, მივესალმები ამ ძალიან კარგ ინიციატივას“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა კერძო და საჯარო სკოლების გუნდებს შორის განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროებისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით ტარდება. ოლიმპიადის ორგანიზატორი საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციაა.