თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. საქართველო მიმდინარე ოპერაციებს დანარჩენ მსოფლიოსთან პირველად აფინანსებს სრულად შემოსავლებიდან, განუცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ ჟურნალისტებს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2018 წლის თებერვალში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 5,5% შეადგინა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო იანვარ-თებერვალში — 4,9%.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, იზრდება შოკებისადმი მდგრადობა და მცირდება საგარეო მოწყვლადობა, რისი თქმის საფუძველსაც მიმდინარე ანგარიშის ბალანსის პოზიტიური დინამიკა იძლევა", — აღნიშნა მიქაბაძემ.
მიქაბაძის განცხადებით, 2017 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია და მშპ-ს 8.7% შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 4.1 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა.
„2017 წელს მიმდინარე ანგარიშის პირველადი ბალანსი (მიმდინარე ანგარიში საინვესტიციო შემოსავლების ბალანსის გამორიცხვით) დადებითია და მშპ-ის 0.8 პროცენტს შეადგენს, რაც უპრეცედენტოა და აქამდე პირველადი ბალანსის დადებითი მნიშვნელობა წლიურ ჭრილში არ დაფიქსირებულა. ეს არის ფაქტობრივად, პირველად, როდესაც მიმდინარე ოპერაციებს დანარჩენ მსოფლიოსთან სრულად ვაფინანსებთ შემოსავლებიდან და უფრო მეტიც, პროფიციტში ვართ", — განაცხადა მიქაბაძემ.
მისი თქმით, მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესება დაკავშირებულია ეროვნული დანაზოგების ზრდასთან — 2017 წელს ეროვნულმა დანაზოგებმა მშპ-ის 23.2% შეადგინა და წინა წელთან შედარებით 3.3 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა
წინასწარი მონაცემებით, 2017 წელს საქართველოს საგადასახადო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 1 311,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 29,5%-ით ნაკლებია 2016 წელთან შედარებით, აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.