თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სამი პირი დამნაშავედ ცნო თავდასხმაში კომპანია Nova Technology-ს თანამშრომლებზე, რომელიც სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ოპერირებით არის დაკავებული, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების მონაცემებით, 2017 წლის ივნისში ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ბრალდებულები ქუთაისში, 26 მაისის ქუჩაზე თავს დაესხნენ ინკასატორებს და დაეუფლნენ Renault Clio-ს მარკის ავტომობილს და 102 ათას ლარამდე თანხას.
ბრალდებულების დაკავება მომხდარიდან მესამე დღეს მოხერხდა.
მათ წარედგინა ბრალდება სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ „გ“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით), რაც 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ერთ-ერთ ბრალდებულს 8 წლით პატიმრობა შეეფარდა, მეორეს — 9, მესამეს — 10.