თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. აუტიზმის მქონე ადამიანებს დახმარება მუდამ სჭირდებათ, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში, საქველმოქმედო ფონდის „ჩვენ განსხვავებულები ვართ" სამეურვეო საბჭოს წევრმა ზურაბ აბაშიძემ.
აბაშიძე აუტისტი ბავშვების დახმარებას აქტიურად აპირებს საზოგადოებისთვის ამ პრობლემის შესახებ ინფორმაციის მიწოდების გზით. ფონდი „ჩვენ განსხვავებულები ვართ" დააფუძნეს ანდრეი და ალექსანდრა მაქსიმოვებმა, რომლებიც აუტიზმის მქონე ბავშვს ზრდიან. ოჯახური წყვილი აუტისტ ვაჟს ზრდის. მას შემდეგ, რაც ისინი რუსეთიდან საქართველოში გადმოვიდნენ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაეხმარონ თავიანთ ვაჟსა და ქვეყანაში მცხოვრებ სხვა აუტისტ ბავშვებს.
„აუტიზმი ისეთი რამაა, რომ ის მუდამ მისახედია. ამ პრობლემის სამედიცინო გადაწყვეტა ჯერ არ არსებობს, მაგრამ ესაა განვითარების განსაკუთრებულობა, რომელსაც, რასაკვირველია, საზოგადოების მხრიდან გაგება და ჩარევა სჭირდება", — განაცხადა აბაშიძემ.
მთავარია, ამ პრობლემას დიდი გაგებითა და მოთმინებით მოეკიდო, ასევე, ასეთი ბავშვები გახსოვდეს არა მხოლოდ 2 აპრილს — აუტიზმის შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო დღეს, — აღნიშნა მან.
„უნდა გვესმნოდეს, რომ ამ ბავშვებს განსაკუთრებული მიდგომა სჭირდებათ. კარგია, რომ საზოგადოებაში უკვე იგრძნობა ამ პრობლემის გააზრება და მისი გადაწყვეტის გზების ძებნა. აუცილებელია, რომ საზოგადოებამ შეიცვალოს დამოკიდებულება აუტიზმის მიმართ, გაიგოს, რომ ისინი, უბრალოდ, განსხვავებულები არიან. საჭიროა, რომ ამის შესახებ იცოდეს არა მხოლოდ საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელიც უშუალოდ შეეჯახა ამას, არამედ აბსოლუტურად ყველამ", — დასძინა აბაშიძემ.
თბილისში 25 მარტს გაიმართა აუტიზმისადმი მიძღვნილი პირველი კონფერენცია. ფონდს შეუერთდნენ საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები. ამგვარად, ყველა მსურველს გაუჩნდა შესაძლებლობა, ამ პრობლემას რელიგიური თვალსაზრისითაც შეხედოს. სამეურვეო საბჭოს წევრები ფონდ „ჩვენ განსხვავებულები ვართ" ყველანაირად ეხმარებიან, იქნება ეს საზოგადოების ინფორმირებულობა, თუ რაიმე სახის რესურსების მობილიზება.
აუტიზმი — ეს განვითარების გამუდმებული რღვევაა, რომელიც სიცოცხლის პირველი სამი წლის განმავლობაში ვლინდება და ნევროლოგიური აშლილობის შედეგად მიიჩნევა, რაც ტვინის ფუნქციონირებაზე აისახება. აუტიზმი ძირითადად ბავშვებში ვლინდება — სქესის, რასისა და სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად. აუტიზმს ახასიათებს უნიკალური თავისებურებები სოციალური ურთიერთქმედების კუთხით, სირთულე ყოველდღიურ ურთიერთობებში და გრძნობათა ორგანოების მიერ ინფორმაციის დამუშავების არასტანდარტული მეთოდი.