თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეს „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტმა სკოლამდელი ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში ჩაატარა გამოკითხვა თემაზე: ქართველი ავტორის საყვარელი საბავშვო ნაწარმოები.
გამოკითხვის უდავო ლიდერი გახდა ოტია იოსელიანის „დაჩის ზღაპრები" — საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბავშვო ნაწარმოები, რომელიც პატარა მონადირე დაჩის გმირულ თავგადასავლებზე მოგვითხრობს. ესაა ერთგულების, ნამდვილი მეგობრობისა და ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობების თვალსაჩინო მაგალითი.
მეორე ადგილზეა გურამ პეტრიაშვილის „გოგონა და ოქროს თევზი". ესაა ზღაპარი გოგონაზე, რომელსაც ძალიან უყვარდა ზღვა. ერთხელ მამამ ის ზღვის სანაპიროზე წაიყვანა და აქედან დაიწყო ყველაფერი საინტერესო. „სიყვარულს საერთოდ ყველაფერი შეუძლია" — ესაა ზღაპრის ლაიტმოტივი.
მესამე ადგილზეა ლელა ცუცქირიძის დინოზავრისა და მოჩვენების სათავგადასავლო ისტორია „ზანზარა და ჩუ", ასევე იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა?!"
გამოკითხვის მონაწილეებმა ასევე დაასახელეს ქართული ზღაპრების კრებული. ზღაპრებიდან ყველაზე პოპულარული აღმოჩნდა „ნაცარქექია" და „ხუთკუნჭულა".
საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 2 აპრილს აღინიშნება. საბავშვო წიგნის საერთაშორისო საბჭომ ეს დღე ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს მიუძღვნა.