თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. თანამედროვე ბიზნეს-ტექნოლოგიური სამყაროს ერთ-ერთ წამყვან ფიგურას და მულტიმილიარდერ ილონ მასკს Facebook-ის ყიდვა და შემდეგ მისი გაუქმება სურს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi) Alternative-science-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე დაყრდნობით.
„ეს არ არის პოლიტიკური განცხადება და ამას იმიტომ არ ვაკეთებ, რომ ვინმემ მიბიძგა ამისკენ. უბრალოდ არ მომწონს Facebook-ი. ცუდ წინათგრძნობას აღმიძრავს. მაპატიეთ", — დაწერა ილონ მასკმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე.
ამის თაობაზე მასკი ინვესტორებსაც ესაუბრა და დეტალური გეგმა გააცნო.
ერთი კვირით ადრე კი ილონ მასკმა Facebook-იდან Tesla-ს და SpaceX-ის გვერდები წაშალა.
ბოლო დროს მსოფლიოში აქტიურად მიმდინარეობს კამპანია #DeleteFacebook („წაშალე ფეისბუქი“). ჰეშთეგი #DeleteFacebook ინტერნეტში ათიათასობით ადამიანმა გამოიყენა. აღნიშნულ კამპანიას ცნობილი ადამიანები უკვე შეუერთდნენ. მათ შორის არის მსახიობი ჯიმ ქერი, ასევე მომღერალი შერი, WhatsApp-ის დამფუძნებელი ბრაიან ექტონი და სხვები.
#DeleteFacebook-ის კამპანია მას შემდეგ დაიწყო, როდესაც 18 მარტს „კემბრიჯ ანალიტიკას“ (Cambridge Analytica) სკანდალის შესახებ გახდა ცნობილი. გამოძიების თანახმად, Cambridge Analytica დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიაზე მუშაობდა. მასალების მიხედვით, კომპანიამ უკანონოდ მიიღო Facebook-ის 50 მილიონ მომხმარებლის პირადი მონაცემები, რათა ამის მეშვეობით არჩევნებში დონალდ ტრამპს მოეგო. დადგინდა ასევე, რომ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანია მთლიანად აეწყო კომპანიის მონაცემებზე.
აგორებული სკანდალის შემდეგ კომპანიის დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგს საჯარო ბოდიშის მოხდაც მოუწია.
ილონ მასკი არის კომპანია PayPal-ის დამფუძნებელი, კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი, თანამფლობელი, გენერალური დირექტორი და მთავარი ინჟინერი, კომპანია Tesla-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, გენერალური დირექტორი და სულის ჩამდგმელი, ასევე კომპანია SolarCity-ს დირექტორთა საბჭოს წევრი. არის ლიდერი ელექტრომანქანებისა და სარაკეტო ბიზნესის წარმოებაში. იგი გამოირჩევა ამბიციური იდეებით, მისი სურვილია მარსის კოლონიზაცია, შიდაწვისძრავიანი ავტომობილების ელექტროთი ჩანაცვლება, ვაკუუმური ტრანსპორტის განვითარება, ხელოვნური ინტელექტის ორგანიზმში ტრანსპლანტირება და განუკურნებელი ნეიროდაავადებების განკურნვა.
ჟურნალ Forbes-ის მონაცემებით, მასკის ქონება 2017 წელს 20 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.