თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამებას საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღავლინა და მრევლს ბზობის დღესასწაული მიულოცა.
ამ დღესასწაულზე ქრისტიანები იხსენებენ უფლის საზეიმო შესვლას იერუსალიმში, რასაც ვნების კვირეული მოყვება. 2018 წელს ბზობა 1 აპრილს დაემთხვა. ტრადიციულად, ამ დღეს იკურთხება ბზა და ყველა ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება.
„გილოცავთ ამ დიდებულ დღეს, ბზობას. კიდევ ერთხელ უნდა გვახსოვდეს, რომ სიხარული და მწუხარება როგორც ტყუპი ძმები ერთად მოგზაურობენ, ერთად არიან. დღეს არის ის დღე, როცა უფალი ჩვენი იესო ქრისტე ზეიმით შედის იერუსალიმში“, — ამ სიტყვებით მიმართა პატრიარქმა მრევლს ქადაგებისას.
ილია მეორემ შეახსენა მრევლს, რომ არ უნდა გვეშინოდეს განსაცდელის.
„განსაცდელი ეს არის გზა სასუფეველში. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, საქართველოს მფარველი და წინამძღოლი. ღმერთმა ბედნიერი აღდგომა გაგვითენოს ამინ”, – აღნიშნა პატრიარქმა ქადაგებისას.
ბზობის კვირა ანუ უფლის შესვლა იერუსალიმში — იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების ბოლო დღეების მნიშვნელოვანი მოვლენაა.
დღესასწაულის წინ საქართველოს საპატრიარქო ყოველ წელს მოუწოდებს მოსახლეობას არ გაანადგურონ ბზა, რადგან მცენარე წითელ წიგნშია შეტანილი. გარდა ამისა, ბზობაზე სანერგე მეურნეობებში და ეკლესიებთან სპეციალურად მოყვანილი მცენარე საკმარისი რაოდენობით იყიდება.