თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. 14 მედალი მოიპოვეს ქართველმა ძიუდოისტებმა თბილისის ახალ სპორტის სასახლეში პარასკევს დაწყებულ თბილისის გრან-პრიზე, რომელიც დღეს დასრულდა.
ტურნირის მესამე დღეს ქართველებმა 4 მედალი აიღეს. +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონი გურამ თუშიშვილი გახდა. ფინალში მან ირანელ ჯავად მაჰჯუბს იპონით აჯობა. ამავე წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ლევან მატიაშვილმა ფრანგი ამზა უშანი დაამარცხა. გიორგი პაპუნაშვილი (-90 კგ) ბრაზილიელ რაფაელ მასედოს შეხვდა, რომელმაც „ოქროს ქულით“ გაიმარჯვა და პაპუნაშვილს ვერცხლის მედალი ერგო. 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი ონისე სანებლიძემ მოიგო. გადამწყვეტ ბრძოლაზე მისი მეტოქე იასონ ნემსაძე არ გამოცხადდა და სანებლიძეს გამარჯვება ავტომატურად ჩაეთვალა.
საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ყველაზე მეტი მედალი მოიპოვა. მამაკაცთა შორის 7 წონით კატეგორიაში ჩვენმა სპორტსმენებმა 5 ოქროს, 3 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხეს. ამას დაემატა ერთი ბრინჯაოს მედალი ქალთა შორის —70 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, რომელიც მარიამ ჭანტურიამ მოიპოვა.
პრესტიჟული ტურნირის ჩემპიონები გახდნენ ლუხუმ ჩხვიმიანი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, თამაზ კირაკოზაშვილი და გურამ თუშიშვილი, ვერცხლის მედლები მოიპოვეს გიორგი პაპუნაშვილმა, ფრიდონ გიგანმა და ამირან პაპინაშვილმა, ბრინჯაო კი ლაშა ჩადუნელმა, თემურ ნოზაძემ, ნუგზარ ტატალაშვილმა, ონისე სანებლიძემ, ლევან მატიაშვილმა და მარიამ ჭანტურიამ.