საქართველომ გრან-პრის მეორე დღეს ხუთი მედალი მოიპოვა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის გრან-პრი ძიუდოში 2018
თბილისის გრან-პრი ძიუდოში 2018 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორი დღის შედეგების მიხედვით თბილისის გრან-პრიზე საქართველოს ნაკრებმა ათი მედალი მოიპოვა

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. ქართველი ძიუდოისტები ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) და თამაზ კირაკოზაშვილი (-81 კგ) გახდნენ გრან-პრის გამარჯვებულები, რომელიც პარასკევიდან თბილისში მიმდინარეობს.

ლონდონის ოლიმპიური ჩემპიონი (2012) და რიო-დე-ჟანეიროს თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი (2016) ლაშა შავდათუაშვილი თბილისის ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი და როგორც მოსალოდნელი იყო, ფავორიტის სტატუსი გაამართლა.

მან უპრობლემოდ მოიგო ყველა ბრძოლა ფინალამდე და გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველ სპორტსმენ ფრიდონ გიგანს დაუპირისპირდა, რომელსაც გამოცდილებით მოუგო.

26 წლის შავდათუაშვილისთვის ეს გამარჯვება თბილისის გრან-პრიზე კარიერაში პირველი გახდა. დღემდე ის ორჯერ გახდა ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორი (2015, 2016) და ერთხელ — ვერცხლის (2014).

საკმაოდ ადვილად მოიპოვა ოქროს მედალი თამაზ კირაკოზაშვილმაც, რომელმაც ფინალში აჯობა ანრი ეგუტიძეს, რომელიც პორტუგალიის სახელით ჭიდაობს. აღსანიშნავია, რომ კირაკოზაშვილისთვის გრან-პრის სერიიდან ტურნირებზე ეს პირველი პოდიუმია.

ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი ნუგზარ ტატალაშვილმა მოიპოვა, რომელმაც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველ კობა მჭედლიშვილს სძლია. 

მეხუთე მედალი საქართველოს ნაკრების ყულაბას შეჯიბრების მეორე დღეს 17 წლის მარიამ ჭანტურიამ (-70 კგ) შემატა, რომელმაც გერმანელი ზაუნდრა დიტრიჰთან ბრძოლაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ამგვარად, თბილისის გრან-პრიზე ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების აქტივში ათი მედალია: ოთხი ოქროს, ორი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს.

მესამე, დასკვნით დღეს, 1 აპრილს მედლები მამაკაცებს შორის სამ წონით კატეგორიაში გათამაშდება: 90 კგ-მდე, 100 კგ-მდე და 100 კგ ზემოდ, ხოლო ქალებს შორის ორ კატეგორიაში: 78 კგ-მდე და 78 კგ ზემოდ.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0