თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ლისის ტბის მიმდებარე და სხვა რეკრეაციული ზონების განაშენიანების გეგმა ზაფხულისთვის იქნება მზად — კახი კალაძის თქმით, პროცესს რამდენიმე თვე დასჭირდება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
„რამდენიმე თვეში კონკრეტული ადგილის შესახებ იმ ადამიანებს მივაწოდებთ ინფორმაციას, ვისაც ნაკვეთები აქვს, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს კონკრეტული ადგილი. ზოგადად ლისის ტბა თავისი რეკრეაციით უმნიშვნელოვანესია ქალაქისთვის და საჭიროა მისი სწორი განვითარება, რომ არ მივიღოთ ქაოტური განაშენიანება ამ ტერიტორიაზე“, — განაცხადა თბილისის მერმა კახი კალაძემ.
მისივე თქმით, მერია შესთავაზებს მესაკუთრეებს თუ როგორ უნდა განვითარდეს პროცესი: იყოს დაბალი განაშენიანება თუ მაღალი.
28 მარტს გამართულ მთავრობის სხდომაზე კალაძემ ტერიტორიის განვითარების გეგმის შემუშავებამდე ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების შეჩერებაზე ისაუბრა.
მერია არ დაეთანხმა განაშენიანების რეგულირების გეგმებს დიღმის ჭალებშიც, ასევე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ვერეს ხეობასა და მტკვრის კალაპოტში გაცემული სპეციალური ზონალური შეთანხმებების გასაბათილებლად.
თბილისის მერმა კახა კალაძემ ქაოსურ მშენებლობებს ომი მას შემდეგ გამოუცხადა, რაც მერის უფლებამოსილების აღსრულება დაიწყო. მარტში ძალაში შევიდა კანონში ცვლილებები, რომელთა თანახმად, მშენებლობის წესების დარღვევისთვის სანქციები გამკაცრდა. თბილისის ტერიტორიაზე ზოგიერთ შემთხვევაში ჯარიმის თანხა ათჯერაც კი გაიზარდა.