რეფერენდუმი და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე - პრემიერმა მოსახლეობას მიულოცა

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშისაქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია
საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა პირველი პრეზიდენტის წვლილი იმაში, რომ საქართველო დღეს დამოუკიდებელი სახელმწიფოა

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას დამოუკიდებლობის რეფერენდუმის მორიგი წლისთავი და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე მიულოცა, რომელსაც 79 წელი შეუსრულდებოდა.

ზვიად გამსახურდია 1939 წლის 31 მარტს დაიბადა, ამავე დღეს 1991 წელს საქართველოში შედგა სახალხო რეფერენდუმი, რომელზეც ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს მოსახლეობამ დამოუკიდებლობის აღდგენას მისცა ხმა.  რეფერენდუმში ამომრჩეველთა 90,79%-მა მიიღო მონაწილეობა, საიდანაც სახელმწიფო დამოუკიდებლობას 99,08%-მა დაუჭირა მხარი.

„ამ ისტორიული დღის მთავარი მოქმედი პირი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია იყო, რომელსაც დღეს 79 წელი შეუსრულდებოდა. ვულოცავ მთელ საქართველოს რეფერენდუმის დღეს, ვუსურვებ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ერთიან და ძლიერ სახელმწიფოში ცხოვრებას“, — ნათქვამია კვირიკაშვილის მიმართვაში, რომელიც მის Facebook-გვერდზე გავრცელდა.

ზვიად გამსახურდია - Sputnik საქართველო
გამსახურდიას ოჯახი უკმაყოფილოა ექს-პრეზიდენტის საქმის გამოძიების მსვლელობით

რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. 

ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად 1991 წლის 26 მაისს აირჩიეს. სამოქალაქო დაპირისპირების შედეგად, რომელიც "თბილისის ომის" სახელით არის ცნობილი, 1992 წლის იანვარში ის სახელმწიფოს მეთაურის პოსტიდან გადააყენეს. ერთი წლის განმავლობაში გამსახურდია დევნილობაში ცხოვრობდა — ჯერ აზერბაიჯანში, შემდეგ სომხეთში, ბოლოს კი ჩეჩნეთში.

1993 წლის შემოდგომაზე ის საქართველოში დაბრუნდა, სადაც იმავე წლის 31 დეკემბერს სამეგრელოს სოფელ ხიბულაში დღემდე გაურკვეველ გარემოებაში დაიღუპა.

1994 წლის თებერვალში სოფელ ჯიხაშკარში დაკრძალული გამსახურდიას ცხედარი ოჯახის მოთხოვნით გროზნოში გადაასვენეს და ქალაქის მთავარი მოედნის სიახლოვეს დაკრძალეს. შემდგომ, ჩეჩნეთში მომხდარი საომარი მოქმედებების შედეგად, საფლავი დაიკარგა და ის მხოლოდ 2007 წელს აღმოაჩინეს. პირველი პრეზიდენტის ნეშტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დონის როსტოვში ჩატარდა.

2007 წლის მარტში გამსახურდიას ნეშტი ჩეჩნეთიდან ჩამოასვენეს და თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონის ტერიტორიაზე დაკრძალეს.

ედუარდ შევარდნაძე - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერმა ედუარდ შევარდნაძის ხსოვნას პატივი მიაგო

პირველი პრეზიდენტის ოჯახს გამსახურდიას თვითმკვლელობის არ სჯერა და მიაჩნია, რომ ის საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოკლეს.

გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებები ეჭვის ქვეშ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებიც აყენებდნენ. 2010 წელს პარლამენტში შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც პირველი პრეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ საკითხებს სწავლობდა.

2011 წლის 22 თებერვლის დასკვნის თანახმად, გამსახურდიას გარდაცვალების საქმეში ბევრი საკითხი არსებობს, რომელიც თვითმკვლელობის ოფიციალურ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს. კერძოდ, იარაღი, რომლითაც თითქოს თავი მოიკლა გამსახურდიამ, ისევე როგორც ტყვია და ვაზნა, დღემდე არ არის აღმოჩენილი, ოთახში კი სისხლის კვალი არ ყოფილა.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0