თბილისი, 31 მარტი — Sputnik. თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით „თბილისის ახალგაზრდობის ფორუმი 2018” გაიხსნა, ნათქვაია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ორდღიან ღონისძიებას სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ესწრებოდნენ.
„ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების იდეების მოსმენა ქალაქის განვითარების კუთხით. ეს არის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა იმისათვის, რომ გაღრმავდეს კომუნიკაცია მუნიციპალიტეტსა და ახალგაზრდებს შორის. ახალგაზრდული კონკურსის მეშვეობით, რომელიც ცოტა ხანში გამოცხადდება, ჩვენ ველოდებით იდეებს, რომელიც გულისხმობს ქალაქის მასშტაბით პრობლემატიკის დანახვას და მისი დაძლევის გზების ჩამოყალიბებას“, — განაცხადა ხუნწარიამ.
ირაკლი გვილავამ ფორუმზე პრეზენტაცია წარადგინა და აღნიშნა, რომ ფორუმის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას მუნიციპალური ახალგაზრდული პროგრამების შესახებ, ასევე, გაეცნობიან ერთმანეთის საქმიანობას, მიზნებს და დასახავენ თანამშრომლობის გეგმებს.
ფორუმის მიზანია განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის განვითარება თბილისის მერიასა და თბილისში მოქმედ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს შორის. ასევე მუნიციპალური პრიორიტეტების განსაზღვრაში და პროგრამების განხორციელებაში ახალგაზრდული და სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობის ხელშეწყობა.
ფორუმი აგრეთვე მიზნად ისახავს თბილისში განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროს განვითარების მიზნით ერთობლივი პროგრამების დაგეგმვასა და ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებას; ახალგაზრდების საჭიროებებზე ორიენტირებული მუნიციპალური ახალგაზრდული პროგრამების და სერვისების განხორციელებას.