თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ახალმა ქართულმა ავიაკომპანიამ MyWay Airlines პირველი რეისი შეასრულა — თბილისიდან თეირანში, იუწყებიან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
რეისი ჩარტერული იყო.
საზეიმო ცერემონია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა.
ავიაკომპანიის გეგმებშია ოთხი რუსული მიმართულება — მოსკოვი, ჟუკოვსკი, სანქტ-პეტერბურგი და სამარა, ასევე თელ-ავივი (ისრაელი), დუბაი (არაბეთის გაერთიანებული საამიროები), კიევი (უკრაინა), მინსკი (ბელარუსი), იუწყება TV Pirveli სამოქალაქო ავიაციის სააგენტოზე დაყრდნობით.
MyWay Airlines-ი ჩინურმა კომპანია Hualing Group-მა შექმნა. 2017 წლის ნოემბერში საქართველოში ჩინეთიდან 43,4 მილიონი დოლარის ღირებულების ორი თვითმფრინავია იმპორტირებული. ასე რომ, კომპანიის ავიაპარკი BOEING-777 ტიპის ორი თვითმფრინავით არის წარმოდგენილი. მესამე თვითმფრინავს ივლისის დასაწყისში ელოდებიან, მეოთხეს — დეკემბერში.
კომპანია Hualing Group საქართველოს ტერიტორიაზე დიდ პროექტებს ახორციელებს. მან ქალაქის გარეუბანში ააშენა ოლიმპიური სოფელი ახალგაზრდული სპორტული ფესტივალისთვის Tbilisi 2015 და დღემდე განაგრძობს დიდი დასახლების მშენებლობას გარეუბანში.
Hualing Group-ის საქმიან აქტივობაში შედის ხე–ტყის დამზადება, ავეჯის წარმოება და საბანკო საქმიანობა (ჩინური მხარე ფლობს „ბაზის ბანკის" აქციების 90%-ს). ამჟამად საქართველოში "ჰუალინგ ჯგუფში" შემავალი 15 კომპანია ოპერირებს.
ამჟამად ქვეყანაში ერთადერთი ეროვნული ავიაგადამზიდავი Georgian Airways ფუნქციონირებს, რომელსაც თავდაპირველად Airzena ეწოდებოდა.
ავიაკომპანია Airzena 1993 წელს შეიქმნა. თავიდან ის ჩარტერულ რეისებს ახორციელებდა რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, იტალიის, ეგვიპტის, ინდოეთის მიმართულებით, გარდა ამისა, რეგულარულ ავიარეისებს – ავსტრიაში. 1999 წელს კი ავიაკომპანია საქართველოს ეროვნული გადამზიდავი გახდა.
2004 წელს ავიაკომპანიას Georgian Airways — „საქართველოს ავიახაზები" ეწოდა, თუმცა დასახელება Airzena მოკლე საფირმო ნიშნის სახით დღემდე ფართოდ გამოიყენება.