თბილისი, 29 მარტი – Sputnik. საქართველოს დედაქალაქში გაიმართა ძიუდოში თბილისის გრან–პრის კენჭისყრა, რომელიც 30 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება.
ცერემონიაში მონაწილეობდნენ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) სპორტული დირექტორი ვლადიმირ ბარტა, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი და სხვა ოფიციალური პირები.
ტრადიციულ ყოველწლიურ ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 303 ძიუდოისტი (184 მამაკაცი და 119 ქალი) 38 ქვეყნიდან.
საქართველოს, როგორც მასპინძელი ქვეყნის მამაკაცთა ნაკრები მაქსიმალური ნებადართული რაოდენობით – 28 ძიუდოისტით მიიღებს მონაწილეობას (ოთხ–ოთხი თითოეულ წონით კატეგორიაში). ქალთა ნაკრებში 11 სპორტსმენი იასპარეზებს. ამგვარად, ქართული გუნდი 39 სპორტსმენით ყველაზე მრავალრიცხოვანი იქნება ტურნირზე.
ტურნირზე, სამწუხაროდ, ტრავმის გამო ვერ იასპარეზებენ საქართველოს ნაკრების კაპიტანი, მსოფლიო რეიტინგის ლიდერი 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი, და IJF–ის რეიტინგის მეორე ნომერი (90 კგ–მდე წონით კატეგორიაში) ბექა ღვინიაშვილი.
„სამწუხაროდ, ტრავმის გამო ტურნირში ვერ მიიღებენ მონაწილეობას ღვინიაშვილი და ლიპარტელიანი, მაგრამ სხვა წონით კატეგორიებში საქართველოს ნაკრებში ყველა უძლიერესი სპორტსმენი გამოვა. რასაკვირველია, კარგ შედეგებს ველოდებით, რამდენიმე ოქროს მედალს. ის, რომ ტურნირი თბილისში ტარდება, ჩვენს ბიჭებს უნდა დაეხმაროს, რადგან მათ მშობლიური ტრიბუნებიდან უგულშემატკივრებენ. მეორე მხრივ, როდესაც შინ ასპარეზობ, ეს ყოველთვის დამატებითი პასუხისმგებლობა და დამატებითი ფსიქოლოგიური დატვირთვაა. მაგრამ იმედი გვაქვს, ჩვენი ბიჭები ამას გაუმკლავდებიან“, – განაცხადა „Sputnik–საქართველოსთან“ ქვეყნის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა.
გასულ წელს საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა (მამაკაცები) საერთო გუნდურ ჩათვლაში გაიმარჯვა, მოიგო სამი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი.
ქევხიშვილი ასევე შეეხო ქალთა ნაკრებს. მისი თქმით, ბოლო დროს გუნდში პროგრესია. ეს მომზადების ორ წელზე გათვლილ სპეციალურ პროგრამას უკავშირდება. ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში ქალთა ნაკრები 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ერთი ან ორი ლიცენზიის მოპოვებას შეძლებს.
თბილისის გრან–პრის პირველ დღეს, 30 მარტს, მედლების ხუთი კომპლექტი გათამაშდება: მამაკაცთა შორის 60 და 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიებში, ქალთა შორის – 48, 52 და 57 კგ–მდე წონით კატეგორიებში.
საპრიზო ფონდი 100 ათასი აშშ დოლარია. ყოველ წონით კატეგორიაში გამარჯვებული მიიღებს სამი ათას დოლარს, ფინალისტი – 2 ათასს, ბრინჯაოს პრიზიორები – 1 ათასს. გარდა ამისა, თითოეული ჩემპიონი აქტივში 700 სარეიტინგო ქულას დაიმატებს.