თბილისი, 28 მარტი — Sputnik. ზუგდიდი-ჯვარი-ხაიში-მესტიის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (ლაჯურღულა) ყველა სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა შეიზღუდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi) მესტიის მუნიციპალიტეტის მერ, კაპიტონ ჟორჟოლიანზე დაყრდნობით.
აღნიშნული გზის მონაკვეთზე მოძრაობა სამშაბათ საღამოს აიკრძალა, შემდეგ დღეს დილით შეზღუდვა მოიხსნა. თუმცა დღეს მთიდან ისევ ქვის ლოდები ჩამოცვივდა და მოძრაობა ისევ შეფერხდა, თუმცა გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, აცხადებს ჟორჟოლიანი.
„ბოლო ერთი კვირაა ინტენსიური ნალექის გამო ლაჯურღულას ტერიტორიაზე მეწყერი არაერთხელ ჩამოწვა, ასევე მთიდან ჩამოირეცხა დიდი ოდენობით ღვარცოფი და ტალახი. დღეს საღამოს ქვის ლოდები ჩამოცვივდა, რამაც ადგილზე მყოფი ტრაქტორი დააზიანა. გზის ორივე მხარეს მოძრაობა პარალიზებულია და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს“, — განაცხადა ჟორჟოლიანმა.
აღნიშნული გზის 116-ე კილომეტრი (შავი ღელე) ასევე ჩაკეტილია.
გზაზე ჩამოსული მეწყრის გამო ორშაბათს მესტიაში მიმავალი 180-მდე ტურისტი უკან დაბრუნდა. ტურისტების ნაწილი გზის გახსნას ორი დღე ელოდა, შემდეგ კი სვანეთის ნაცვლად ბათუმში გაემგზავრა.