ვინ დაეხმარება ცერებრალური დამბლით დაავადებულ გიგი ანთაძეს ბიზნესის შენარჩუნებაში

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი, რუსთაველის გამზირი
თბილისი, რუსთაველის გამზირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის ცენტრში უკანონოდ მოვაჭრე მოზარდის დასახმარებლად მზადყოფნა გამოთქვა.

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. თბილისის მერია იზრუნებს იმაზე, რომ რუსთაველის გამზირზე მოვაჭრე 15 წლის გიგი ანთაძემ, რომელიც ცერებრალური დამბლითაა დაავადებული, საქმიანობის გაგრძელება გარევაჭრობის წესების დარღვევის გარეშე მოახერხოს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

გიგი მერამდენე წელია უკვე თბილისის ცენტრალურ გამზირზე სხვადასხვა ნივთებით ვაჭრობს. ამ დროისთვის იგი ფრეშ-წვენებს ყიდის.

„ქუჩის ვაჭრობასთან დაკავშირებით ჩვენ შესაბამისი რეგულაციები გვაქვს, რომელიც ქალაქისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც ვერ მივცემთ შესაძლებლობას, რომ ცალკე იყოს გამოყოფილი გიგი და თავისი საქმიანობა გააგრძელოს. მაგრამ მე მინდა სოფო ხუნწარიას დავავალო (ვიცე-მერი — რედ.), რომ ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რათა ამ ბავშვს, რომელმაც თავად შექმნა მცირე ბიზნესი, ყველანაირი ხელშეწყობა ჰქონდეს", — განაცხადა კალაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მზადაა პირადად დაეხმაროს მოზარდს.

„თუ იქნება ამის აუცილებლობა, მე თავად ჩავერთვები. თუ საჭირო გახდება ფინანსური დახმარება, მე ამისთვისაც მზად ვარ", — აღნიშნა კალაძემ.

გარევაჭრობა თბილისში - Sputnik საქართველო
ჯარიმები თბილისში უკანონო გარევაჭრობისთვის შეიძლება გაიზარდოს

საქართველოს პარლამენტის ბიურომ დაარეგისტრირა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელთა თანახმად, თბილისში უკანონო გარევაჭრობისთვის სანქციების გამკაცრება იგეგმება. ცვლილებების ავტორი მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატების ჯგუფია.

ცვლილებების შეტანის შემთხვევაში თბილისში ნებართვის გარეშე გარევაჭრობა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი 20 ლარის ნაცვლად 50 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

ამასთან, კანონიერი მოთხოვნის ან უფლებამოსილი პირის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში დარღვევა ითვალისწინებს 200 ლარის ოდენობით ჯარიმას, ქონების კონფისკაციას ან შვიდ დღემდე ვადით თავისუფლების აღკვეთას. ამ დარღვევისთვის დღეს ჯარიმა 50 ლარია.

იგივე კანონდარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 140 ლარის ნაცვლად 300 ლარი იქნება.

გარდა ამისა, კანონდარღვევის შემთხვევაში მისაბმელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გარევაჭრობისთვის სანქცია იქნება 1 ათასი ლარი, რომელიც სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციასაც ითვალისწინებს, ხოლო განმეორებითი კანონდარღვევის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა გაიზრდება.

თბილისის მერია გარევაჭრობის წინააღმდეგ დიდი ხანია იბრძვის. 2017 წლის მაისში მთელი თბილისის მასშტაბით უკანონო მოვაჭრეების წინააღმდეგ "რეიდები" ჩატარდა, რის საფუძველზეც თბილისის ბევრ უბანში გარევაჭრობა აიკრძალა. თუმცა, 2018 წელს ქალაქის ქუჩებში გარემოვაჭრეები კვლავ გამოჩნდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0