საქართველოს რეგიონებში „სასწრაფო დახმარების" ახალი ავტომობილები გამოჩნდა

გამოწერა
მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრი განახლებული ავტოპარკით მოემსახურება.

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. საქართველოს რეგიონეში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლების ეტაპი დასრულდა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

დღეისათვის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი სულ 232 ახალ, ევროსტანდარტების შესაბამისი სამედიცინო წესით აღჭურვილ სპეცმანქანას ითვლის, მათ შორის არის რეანომობილები, საშუალო და მაღალი გამავლობის „სასწრაფო დახმარების" მანქანები.

სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
სასწრაფო დახმარება პაციენტებს ახლებურად მოემსახურება

„განსაკუთრებით მინდა ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ მაღალმთიანი რეგიონებისთვის 22 „ჯიპის" ტიპის სამედიცინო წესით აღჭურვილი სპეცმანქანა არის გათვალისწინებული. მოგეხსენებათ, რომ ავტოპარკის განახლება მნიშვნელოვანი კომპონენტია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარისხის გასაუმჯობესებლად", — აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოს რეგიონებში ხელისუფლება „სასწრაფო დახმარების" 40 სამედიცინო ცენტრს აშენებს.

რამდენიმე რაიონში ახალი სამედიცინო ობიექტების მშენებლობა დასრულების სტადიაშია – მარტის ბოლოდან ჩოხატაურის, ბორჯომისა და ვანის მცხოვრებლებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი „სასწრაფო დახმარების" ცენტრები მოემსახურება.

მაისიდან მსგავსი ცენტრები გაჩნდება იმერეთის რეგიონის სხვადასხვა ქალაქში — ბაღდადში, სამტრედიაში, ხონსა და საჩხერეში. ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის ქალაქებში — ფოთში, მარტვილსა და მესტიაში. რაც შეეხება ქვემო ქართლს, მაისიდან მსგავსი ცენტრები გაიხსნება დმანისში, მარნეულსა და წალკაში.

ყველა ახალი ამბავი
0