თბილისი, 26 მარტი — Sputnik. კემეროვოში დამწვარი სავაჭრო ცენტრის Зимняя вишня ნანგრევებში მაშველებმა 60 ცხედარი იპოვეს, კიდევ ოთხ ცხედარს ეძებენ, იუწყება РИА Новости რეგიონის საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით.
ხანძარი კემეროვოში ოთხსართულიან სავაჭრო ცენტრში კვირას მოხდა. დაიღუპა 64 ადამიანი, მათ შორის მინიმუმ 8 ბავშვი. საავადმყოფოებში რჩება 13 დაშავებული, უმეტესობა მხუთავი აირით არის მოწამლული. სამაშველო ოპერაცია გრძელდება, 16 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. იდენტიფიცირებულია მხოლოდ 17 ცხედარი, დანარჩენების ამოცნობის მიზნით გენეტიკური ექსპერტიზა დაინიშნება.
1500 კვადრატული მეტრის ფართობის ხანძარს 20 საათის განმავლობაში 660 მეხანძრე აქრობდა. შენობაში ჩამოინგრა სახურავი. ზარალმა 3 მილიარდი რუბლი შეადგინა.
დაშავებულთა მდგომარეობა შეფასებულია როგორც „ნორმალური“. რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის, ვერონიკა სკვორცოვას თქმით, შედარებით მძიმეა 11 წლის ბავშვის მდგომარეობა, დანარჩენი პაციენტები თავს უკეთესად გრძნობენ.
ხანძრის ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. დაკავებულია და დაკითხულია ოთხი ადამიანი: მფლობელი კომპანიის ტექნიკური დირექტორი, იმ ფართის დამქირავებელი, რომელშიც ცეცხლი გაჩნდა, სიგნალიზაციაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციის თანამშრომელი და ხელმძღვანელი. სავარაუდოდ, დააკავებენ დაცვის სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელსაც.
საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, აალების შესახებ სიგნალის მიღების შემდეგ მან სახანძრო შეტყობინების ხმოვანი სიგნალის სისტემა გათიშა, სახანძრო გასასვლელები კი დაბლოკილი იყო.
მანამდე გახდა ცნობილი, რომ დაღუპულთა ოჯახის წევრები მიიღებენ 1 მილიონ რუბლს, ხოლო დაშავებულები — 200-დან 400 ათასამდე რუბლს.
კემეროვოს ოლქში სამშაბათიდან ორდღიანი გლოვა გამოცხადდა.
დაღუპულთა რაოდენობის მიხედვით კემეროვოში მომხდარი ხანძარი ბოლო 100 წლის განმავლობაში რუსეთში მომხდარი უდიდესი ხანძრების ოთხეულში შევიდა.