თბილისი, 21 მარტი — Sputnik. დოკუმენტური სრულმეტრაჟიანი ფილმი „ჩვენ ძარღვებში ღვინო ჩქეფს" (Our Blood Is Wine) საქართველოში ამერიკელმა კინორეჟისორმა ემილი რეილსბეკმა და ცნობილმა სომელიემ ჯერემი ქუინმა გადაიღეს.
როგორც ფილმის შემქმნელები აღნიშნავენ, საქართველოში მათ მეღვინეობის მდიდარი, 8-ათასწლიანი კულტურა გამოიკვლიეს, რომლის ტრადიციები საბჭოთა პერიოდში თითქმის დაიკარგა.
„რეილსბეკს iPhone-ის ტექნოლოგიის გამოყენებით მაყურებლამდე თანამედროვე ქართველების ისტორია და მემკვიდრეობა მიაქვს, მოუთხრობს რა ფილმში რთულ, მაგრამ სიცოცხლით სავსე საზოგადოებაზე, რომელმაც გადაიტანა რეგულარული შემოსევები და არაერთი მცდელობა ქართული კულტურის აღგვისა მიწისაგან პირისა. ამ ძლიერი და დამოუკიდებელი ერისთვის ტრადიციული მეღვინეობის აღორძინება ძლიერი ძალაა იმისთვის, რათა XXI საუკუნეში საკუთარი იდენტობა მოიპოვოს", — აცხადებენ ფილმის ავტორები.
ამერიკელი კინემატოგრაფების თქმით, ფილმი „ჩვენ ძარღვებში ღვინო ჩქეფს" კულტურული თავგადასავალია, რომელშიც მთავარი გმირი ქვევრი ორი ულამაზესი ეროვნული ენერგიის — ღვინისა და მუსიკის ანარეკლია.
ფილმის გადაღებები თბილისში, კახეთისა და აჭარის რეგიონებში, ასევე ქვეყნის სხვა კუთხეებში მიმდინარეობდა. პროექტი სტუდია Burnt Sugar Productions & Morgan Station Films-ის წარმოებაა.
ფილმისთვის ორიგინალური მუსიკა გაბრიელ დიბმა დაწერა, ვოკალი ნინო არობელიძეს ეკუთვნის. ფილმში ასევე ჟღერს ქართული სიმღერები „მრავალჟამიერი", „შენ ხარ ვენახი", „ოროველა" და ა.შ.
ფილმის "ჩვენ ძარღვებში ღვინო ჩქეფს" მსოფლიო პრემიერა გაიმართა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, კატეგორიაში „კულინარიული კინო" (Culinary Cinema). ბერლინში გამართული პრემიერის შემდეგ სტუმრები ქართული ღვინის დეგუსტაციაზეც მიიწვიეს.
2018 წლის მარტიდან ფილმის ჩვენებამ სტარტი აიღო აშშ-ის სხვადასხვა ქალაქებში.