თბილისი, 20 მარტი — Sputnik. დაუდგენელი ნივთი აღმოჩენილია და შსს-ს თანამშრომლების მიერ ამოღებულია მსუბუქი ავტომობილიდან, რომელიც თბილისში „დინამო არენას“ სტადიონთან იყო გაჩერებული, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შსს-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით.
უცხო ნივთის შესახებ შსს-ს თავად ავტომობილის მფლობელმა ორშაბათს შეატყობინა. მისი თქმით, მან გააჩერა მანქანა, გავიდა, დაბრუნებისას კი აღმოაჩინა უცხო ნივთი მანქანაში და პოლიცია გამოიძახა.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიციის თანამშრომლები სტადიონზე ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებენ, თუმცა ეს ვერსია არ დადასტურდა. პრესსამსახურის მონაცემებით, ამოღებული ნივთი გაგზავნილია ექსპერტიზაზე, რომელიც აღნიშნული ნივთის დანიშნულებას და ტიპს დაადგენს.
პოლიციის თანამშრომლები საგამოძიებო მოქმედებებს ადგილზე გვიან ღამემდე აწარმოებდნენ. ამ დროისთვის, ავტომობილი დიდუბე-ჩუღურეთის IV განყოფილების ტერიტორიაზეა გადაყვანილი.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.