თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოში 2017 წელს გვარი შეიცვალა 8 339 ადამიანმა, მათი უმრავლესობა ქალებია, იუწყება ტელეარხი Imedi იუსტიციის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით.
გასულ წელს პირდაპირი ნათესავის გვარი მიიღო 1977-მა მამაკაცმა და 5467-მა ქალმა. მეუღლის გვარზე გადავიდა 418 მამაკაცი და 477 ქალი.
წელიწადში ორჯერ შეიცვალა სახელი ან გვარი საქართველოს 59-მა მოქალაქემ, ერთმა მოქალაქემ ეს პროცედურა ოთხჯერ გაიმეორა.
ერთი წლით ადრე გვარი 300-ით ნაკლებმა მოქალაქემ შეიცვალა.
საქართველოს ხელისუფლება გეგმავს გვარის შეცვლის პროცედურების გამკაცრებას, რადგან საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე, რომლებსაც თავშესაფარზე უარს ეუბნებიან, ბრუნდება სამშობლოში, ნათესავების გვარზე გადადის და ისევ ევროკავშირის ქვეყნებში მიემგზავრება.
აღნიშნული ინიციატივა გამოწვეულია ევროკავშირის მიერ უვიზო რეჟიმის შენარჩუნებით, რომელიც საქართველოდან თავშესაფართა მაძიებელთა რიცხვის ზრდის გამო საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა.
ინიციატივის თანახმად, საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქე გვარის შეცვალს სიცოცხლეში ერთხელ მოახერხებს. გამონაკლისს წარმოადგენს მეუღლის გვარზე გადასვლა. საქართველოში დეპორტირებულ ან რეადმისიით დაბრუნებულ მოქალაქეებს ხუთი წლის განმავლობაში ეკრძალებათ გვარის შეცვლა.
ასევე იგეგმება უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის გვარის შეცვლის პროცედურის გამკაცრება. საზღვარგარეთ მყოფ პირს კვლავაც ექნება უფლება საკონსულოში შეიტანოს განცხადება გვარის შეცვლის თაობაზე, მაგრამ როდესაც საქმე უშუალოდ გადაწყვეტილების მიღებაზე მიდგება, ის აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს საქართველოში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გამოცხადდეს და ახსნას, თუ რატომ გადაწყვიტა გვარის შეცვლა.
მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს გვარი შეიცვალოს და მეუღლის ან ნათესავის გვარზე გადავიდეს. იმისთვის, რომ ნათესავის გვარი მიიღოს, აუცილებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარუდგინოს პირადობისა და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები.
პროცედურა ფასიანია და 45 დღეს საჭიროებს. თუ საუბარია მეუღლის გვარზე გადასვლაზე, მომსახურება უფასოა.