ლევან გორგაძის მეტოქე იაპონელი შოთა, დამარცხებული „სტეჟარები“ და სპორტის სხვა სიახლეები...

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს რაგბის ნაკრები
საქართველოს რაგბის ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასული კვირა სპორტის მოყვარულთათვის საკმაოდ საინტერესო გამოდგა. ფეხბურთის ქომაგთა ყურადღების უმთავრესი ობიექტი ჩემპიონთა ლიგა გახლდათ, სადაც მეოთხედფინალისტები გამოვლინდნენ.

 სენსაციას ამ ეტაპზეც ვერ ავცდით. სტუმრად ფრედ ნათამაშევი მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიოს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ შინ უშანსოდ  წააგო ესპანურ „სევილიასთან“ 1:2, ანგარიშმა არ შეგაცდინოთ, ესპანელები მთელი თამაში დომინირებდნენ და შედეგიც სამართლიანია. როგორც მოსალოდნელი იყო „ბარსელონამ“ უპრობლემოდ მოუგო „ჩელსის“, თუმცა 2:0-ზე მსაჯმა აშკარა პენალტი არ დანიშნა მასპინძელთა კარში და თუ ინგლისელები ამ შანსს გამოიყენებდნენ, არავინ იცის მერე რა მოხდებოდა. დანარჩენი შედეგები პროგნოზირებადი იყო და მათზე არ შევჩერდები. პარასკევს, ნიონში, უეფა-ს შტაბ- ბინაში, გაიმართა წილისყრა სადაც მეტოქეები ასე დაწყვილდნენ:

„ბარსელონა"-„რომა"

„სევილია"-მიუნხენის „ბაიერნი"

ტურინის „იუვენტუსი"-მადრიდის „რეალი"

„ლივერპული"-„მანჩესტერ სიტი"

პროგნოზი ზოგადად უმადური საქმეაო, ამ ეტაპზე კი მით უმეტეს, რადგან გუნდების სიძლიერიდან გამომდინარე ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ფეხბურთის თემას გავაგრძელებ და გეტყვით, რომ გაიმართა საქართველოს ჩემპიონატის კიდევ ერთი ტური. გაიმარჯვეს შარშანდელი ჩემპიონატის ლიდერებმა: თბილისის  „დინამომ“, საჩხერის „ჩიხურამ“ და ჩემპიონმა, ქუთაისის „ტორპედომ“. ლიდერობა კი ხელთ იგდეს „საბურთალოს“ ფეხბურთელებმა, რომლებმაც ზედიზედ მესამედ გაიმარჯვეს (2:0 გორის „დილასთან“) და 9 ქულა დააგროვეს.

უკვე გაუწყეთ, რომ ოსაკაში გაზაფხულის „ჰარუ ბაშო“ იმართება სუმოში. ჩვენთვის საინტერესო ქართველი სეკიტორების გამოსვლაა. რანგით მეორე დივიზიონში კარგად ასპარეზობს თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) მას დადებითი ბალანსი აქვს 6:2-ზე და თუ ასე გააგრძელა, უმაღლესში დასაბრუნებელი შანსი გაუჩნდება. ძურიოს პირველ დივიზიონში ტრავმით ასპარეზობს იმპერატორის თასის მომგები ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი), მას კუნთი აქვს გაწყვეტილი და გამაყუჩებლით ასპარეზობს.  გამორიცხული არ არის, რომ  დადებით ბალანსის მიღწევის შემდეგ,  ანუ  8 შეხვედრას  თუ მოიგებს, შემდეგ უარი თქვას ასპარეზობის გაგრძელებაზე. მანამდე კი მასაც იგივე შედეგი აქვს რაც მეორე ქართველს 6:2-ზე. ახლა ერთ საინტერესო ფაქტს მოგახსენებთ, შეჯიბრის მეექვსე დღეს ლევანის მეტოქე გახლდათ  პირველი მაეგაშირა ენდო შოთა, გარდა იმისა, რომ ლევანმა ულამაზესი გდებით მოიგო, მისი მოწინააღმდეგის სახელმა დამაინტერესა.

სახელი შოთა იაპონიაში საკმაოდ პოპულარული იყო 70-იან წლებში, როცა შოთა ჩოჩიშვილმა მიუნჰენის ოლიმპიადა მოიგო. შემდეგ ამ ტენდენციამ იკლო, მაგრამ 1989 წელს  აქტიური სპორტიდან უკვე წასული შოთა ჩოჩიშვილი იაპონელმა მსოფლიოს ჩემპიონმა წესების გარეშე ბრძოლაში ანტონიო ენოკიმ გამოიწვია, ჩვენი სახელოვანი ფალავანი ტოკიოში ჩავიდა და რა დღეც აყარა მოწინააღმდეგეს თავად ნახეთ.

სახელი შოთას პოპულარობის ახალი ტალღაც ამ გამარჯვებამ გამოიწვია. ვიკიპედიაში მოვიძიე და ეს ენდო 1990 წელს ყოფილა დაბადებული.

ბერლინში გრძელდება ჭადრაკში პრეტენდენტთა ტურნირი, უკვე ექვსი ტური მიილია. დაწინაურდნენ რეიტინგლიდერი აზერბაიჯანელი შაჰრიარ მამედიაროვი და ამერიკელი ფაბიანო კარუანა 4-4 ქულა. რუსებს, კრამნიკსა და გრიშჩუკს,დაჩინელ დინ ლიჟენს 3-3 ქულა მოუგროვდათ. ბოლო ტურში დასანანი მარცხი იწვნია თეთრი ფიგურებით მოთამაშე ალექსანდრ გრიშჩუკმა კარუანასთან. რუსს მთელი შეხვედრის მანძილზე უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ ენდშპილში ბავშვური შეცდომა დაუშვა და დანებება მოუწია.

17-18 მარტს რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგის გრანდ სლემზე 8 ქართველი ძიუდოისტი ცდიდა ძალებს. ჩვენებურთა შემადგენლობა ბოლომდე საბრძოლო არ იყო, მაგრამ  ნაკრების პირველი ნომრებიდან გურამ თუშიშვილი და ამირან პაპინაშვილი ასპარეზობდნენ. ქართველი ფალავნების  გამოსვლა ძალიან არასახარბიელო გამოვიდა. ბრინჯაოსთვის ბრძოლას მხოლოდ ზებედა რეხვიაშვილი(81კგ)  და ონისე ბუღაძე(+100კგ) შემორჩენ, მედლის მოპოვება კი მხოლოდ ზებედამ მოახერხა. არ შემიძლია არ აღვნიშნო მსაჯთა თვალშისაცემი არაობიექტურობა. სწორედ მათი გაუგებარი გადაწყვეტილებების დამსახურებაა რეხვიაშვილის მარცხი მეოთხედფინალში, როცა აშკარა იპონი არ ჩაუთვალეს და შემდეგ ზუსტად იგივე ილეთზე, თავად წააგებინეს. ასევე მსაჯთა „დამსახურებაა“  თუშიშვილის მარცხი ვერაფრით გამორჩეულ ტამერლან ბაშაევთან, რომელსაც მსაჯები ახლა უკვე ონისე ბუღაძესთან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში „ წაეშველენ“.  დადებითი მომენტი ონისე ბუღაძის გამოსვლას მაინც დადებითად შევაფასებდი,  მარტო სახელოვანი ბრაზილიელის დავიდ მოურას ძლევა რად ღირს…

18 თებერვალს, თბილისის „დინამო არენაზე“ რაგბიში ევროპა ლიგის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა, სადაც ქართველმა „ბორჯღალოსნებმა“ რუმინელ „სტეჟარებს“(სტუმართა მეტსახელია და მუხის ფოთლებს ნიშნავს) უმასპინძლეს. შეხვედრა ორივე გუნდისთვის პრინციპული გახლდათ, რადგან ამ თამაშს უნდა გადაეწყვიტა რაგბი ლიგის ჩემპიონის და ანთიმოზ ივერიელის თასის მფლობელის ვინაობაც. გასულ წელს თასი რუმინეთში დარჩა, მაგრამ ამჯერად შეხვედრის საბოლოო შედეგი ერთი წუთითაც არ დამდგარა ეჭვქვეშ. ქართველი მორაგბეების უპირატესობა თვალსაჩინო გახლდათ და საბოლოოდ 25:16, ევროპა ლიგის ჩემპიონობა და ანთიმოზ ივერიელის თასი. შეხვედრის დასრულების შემდეგ წაგებული რუმინელებიც ზეიმობდნენ. საქმე იმაშია,რომ ბელგიის ნაკრებმა ესპანელთა დამარცხება მოახერხა, ამით სწორედ რუმინელებმა იხეირეს და პირდაპირ მოხვდნენ იაპონიაში გასამართ მსოფლიოს თასზე.

სულ ეს გახლდათ, ვეცადე კვირის ყველაზე საინტერესო სპორტული ამბები მომეთხრო, ერთი-ორი არასასიამოვნო (ქართველთა გამოსვლებიდან) მომენტზე კი შეგნებულად „დავხუჭე“ თვალი. იმედია მომავალში უფრო მეტ საინტერესო ამბავს შემოგთავაზებთ.

 


ყველა ახალი ამბავი
0