თბილისი, 17 მარტი — Sputnik. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში სასაზღვრო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ზომების გაძლიერების შესახებ მემორანდუმის გაფორმებით დასრულდა, ნათქვამია საქართველოს შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
დოკუმენტი საშუალებას მისცემს საქართველოს და თურქეთს გააღრმაონ ორმხრივი თანამშრომლობა ორგანიზებული ტრანსსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და ორივე ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით.
შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის ფორმატზე ისაუბრეს და საქართველოში თურქეთის პოლიციის ახალი ატაშეს დანიშვნის საკითხიც განიხილეს.
გიორგი გახარიამ სულეიმან სოილუს უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები და სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი თურქ კოლეგას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეულ შედეგებზე ესაუბრა და ე.წ. ქურდული სამყაროს წინააღმდეგ სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი გააცნო, რომელიც სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებების წრეს აფართოებს.
გიორგი გახარიამ სასაზღვრო პოლიციაში მიმდინარე რეფორმაზეც ისაუბრა. მისი თქმით, საზღვარზე უმჯობესდება რისკების ანალიზის სისტემა, ასევე, გრძელდება საზღვრის მართვის სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, რაც საზღვრის ეფექტიანი მართვის წინაპირობას წარმოადგენს.
ხელმოწერილი მემორანდუმი განიხილებოდა აგრეთვე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე, რომელმაც ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საკითხებში ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობას გაზი გაუსვა.
სოილუს შეხვედრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს ვახტანგ გომელაურთან რეგიონში უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ უსააფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებთან და საფრთხეებთან გამკლავებაში ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა გააჩნია.