თბილისი, 17 მარტი — Sputnik. ზესტაფონში, პარასკევს დილით მატარებელი ლიანდაგზე გაჩერებულ მიკროავტობუსს შეეჯახა, ინფორმაცია ვრცელდება მედიაში.
როგორც „Sputnik-საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაშავებულია მიკროავტობუსის მძღოლი და ექვსი მგზავრი.
ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ სვირის გადასახვევთან მიკროავტობუსის მძღოლი შეუძლოდ გახდა, რის გამოც საჭე ვერ დაიმორჩილა, ჩაკეტილ შლაგბაუმს შეეჯახა და ლიანდაგებზე გადავიდა, ამის შემდეგ კი გაჩერებულ მიკროავტობუსს მატარებელი დაეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლსა და ერთ მგზავრს კიდურების მოტეხილობები აღენიშნებათ.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 275-ე მუხლით, რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.