თბილისი, 17 მარტი — Sputnik. ბორის ბერეზოვსკის კომპანიონი ნიკოლაი გლუშკოვი შესაძლოა ძაღლის საყელურით დაახრჩვეს, იუწყება РИА Новости ბრიტანულ გაზეთ Independent-ზე დაყრდნობით.
გამოცემის მონაცემებით, ასეთ ვერსიას იზიარებენ ბრიტანელი გამომძიებლები, რომლებიც აღნიშნულ საქმეს იძიებენ.
მანამდე სკოტლანდ-იარდმა განაცხადა, რომ გლუშკოვის გარდაცვალება დახრჩობით კვალიფიცირებულია როგორც მკვლელობა. ამასთან, გამოძიება იტყობინებოდა, რომ ბერეზოვსკის პარტნიორის გარდაცვალებასა და რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ექს-პოლკოვნიკ სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლას შორის კავშირი არ გამოვლენილა.
სახელმწიფო ღალატში მსჯავრდებული რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ექს-პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია 4 მარტს უგონო მდგომარეობაში სოლსბერიში იპოვეს. ბრიტანული მთავრობის მონაცემებით, ისინი თითქოსდა რუსული წარმოების ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს. სკრიპალმა თავშესაფარი ბრიტანეთში რუსეთსა და აშშ-ს შორის მზავერავების გაცვლის შემდეგ 2010 წელს მიიღო, როდესაც მოსკოვს 10 ადამიანი გადასცეს.
გლუშკოვი, რომელსაც ავიაკომპანია „აეროფლოტში“ თანხების მიტაცების გამო რუსეთში დაუსწრებლად 8 წლით პატიმრობა შეეფარდა, რამდენიმე დღის წინ ლონდონში გარდაცვლილი იპოვეს. „აეროფლოტის“ ყოფილი ტოპ-მენეჯერის გარემოცვაში აღნიშნავენ, რომ ის „ბორის ბერეზოვსკის მსგავსად“ დაიღუპა.
მანამდე რუსეთის საელჩომ ლონდონში გლუშკოვის გარდაცვალების შესახებ სრული ინფორმაცია ოფიციალური ნოტის სახით გამოითხოვა. პარასკევს საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ლონდონმა არ შეატყობინა მოსკოვს „აეროფლოტის“ ყოფილი გენერალური დირექტორის გარდაცვალების შესახებ, თუმცა ვალდებული იყო ეს გაეკეთებინა.