თბილისი, 17 მარტი — Sputnik. გუდაურში მომხდარი უბედური შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრები დიდი ბრიტანეთის მაუწყებლის BBC-ის და გამოცემა The Telegraph-ის მთავარ ახალ ამბებში გავრცელდა.
სისტემური გაუმართაობის გამო, სავარძლების ნაწილი, რომლებშიც ტურისტები ისხდნენ, ქვედა სადგურისკენ უკუსვლით დაგორდა და ერთმანეთს შეეჯახა. ბოლო მომაცემებით, გუდაურში მომხდარის შედეგად დაშავდა 11 ადამიანი.
BBC-ინფორმაციით, მწყობრიდან გამოსული ტექნიკის გამო, საქართველოს სათხილამურო კურორტ გუდაურში, რამდენიმე ადამიანი იძულებული გახდა გადამხტარიყო სავარძლიდან, რამაც მათი დაშავება გამოიწვია.
გამოცემა The Telegraph აღნიშნავს, რომ შემთხვევა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის კავკასიონის მთის პლატოზე მდებარე გუდაურის კურორტზე მოხდა.
დაშავებულთა მკურნალობის ხარჯებს დაფარავს მთის კურორტების განვითარების კომპანია, რომელიც საბაგიროს ფუნქციონირებაზეა პასუხისმგებელი.
ყაზბეგის მერის ალექსანდრე ზაგაშვილის ინფორმაციით, ძაბვის ვარდნის შედეგად ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც საბაგირო ავარიულად გაჩერდა, შემდეგ კი საძელე საბაგიროზე სავარძლები ერთმანეთს შეეჯახნენ.
თუმცა, „ენერგო პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ გუდაურში 16 მარტს მომხდარი ინციდენტის დროს ელექტროენერგიის მიწოდება არ შეწყვეტილა. უფრო მეტიც, ძაბვის ცვალებადობაც კი არ ყოფილა.
„სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ხაზგასმით აცხადებს, რომ გუდაურის საკურორტო ზონაში სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არანაირი ავარიული გათიშვა, ძაბვის პარამეტრების ცვალებადობა ან რაიმე სახის სხვა შეფერხება არ დაფიქსირებულა“, — ნათქვამია „ენერგო-პროს“ განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით, ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით შინაპატიმრობით ანდა თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე ვადით.