მიბაძეთ „თი-ბი-სის“ – ბანკმა მრავალშვილიან თანამშრომლებზე 600 ათასი ლარის პრემია გასცა

© Photo: courtesy of TBC BANKთი ბი სი ბანკის პრიზი მრავალშვილიან დედას
თი ბი სი ბანკის პრიზი მრავალშვილიან დედას - Sputnik საქართველო
გამოწერა
„თი-ბი-სი ბანკის“ შიდა სოციალური პროგრამის მიხედვით, მეექვსე შვილის შეძენის შემთხვევაში ბანკი თანამშრომელს 50 ათასი ლარით დააჯილდოებს.

თბილისი, 15 მარტი —Sputnik. სააქციო საზოგადოება „თი-ბი-სი ბანკმა“ მრავალშვილიანი თანამშრომლების წასახალისებლად 600 ათასი ლარის ფულადი პრემია გასცა, აცნობეს „Sputnik–საქართველოს“ ბანკის პრეს-სამსახურში.

„თი-ბი-სი ბანკის“ შიდა სოციალური პროგრამა „მრავალშვილიანი თიბისელების კლუბი“ „თი-ბი-სი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის ინიციატივით 2013 წელს ჩამოყალიბდა ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში.

„საქართველოში ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა დემოგრაფია. ჩვენ ვართ მცირერიცხოვანი ერი. დაიბადა ასეთი იდეა, რომ შეგვექმნა „მრავალშვილიანი თიბისელების კლუბი“, იდეა გავუზიარე ჩემ კოლეგებს და ასე დავაფუძნეთ ეს კლუბი“, – განაცხადა ხაზარაძემ.

„თი-ბი-სი ბანკის“ ინფორმაციით, 600 ათასი ლარის ფინანსური მხარდაჭერა 5 წლის განმავლობაში 48 მრავალშვილიან ოჯახზე გაიცა.

ბორჯომელები ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე - Sputnik საქართველო
მრავალშვილიან ოჯახებს მნიშვნელოვან შეღავათებს ჰპირდებიან

„პროგრამის მიხედვით, „თი-ბი-სი ბანკის“ ყველა თანამშრომელს, რომელსაც მეოთხე ან მომდევნო შვილი შეეძინება, ბანკისგან პრემიის სახით 10 ათასი ლარი გადაეცემა, ხოლო მეექვსე შვილის შეძენის შემთხვევაში ბანკი თანამშრომელს 50 ათასი ლარით აჯილდოებს“, – აცხადებს „თი-ბი-სი ბანკი“.

ბანკის შიდა სოციალური პროგრამა, ერთჯერადი პრემიების გარდა, ოჯახებისთვის, რომლებსაც სამი და მეტი შვილი ჰყავთ, ექსკლუზიურ პაკეტს ითვალისწინებს, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სავაჭრო თუ გასართობ ცენტრში განსაკუთრებულ ფასდაკლებებს.

მრავალშვილიანი „თიბისელების“ დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება ყოველ წელს იმართება. კლუბში უკვე „თი-ბი-სი ბანკის“ 454 თანამშრომელია.

„თი-ბი-სი ბანკი“ 1992 წელს დაფუძნდა და თითქმის 700 ათას მომხმარებელს ემსახურება კორპორატიულ, საცალო, მცირე და საშუალო ბიზნეს–სეგმენტებში.

ყველა ახალი ამბავი
0