თბილისი, 15 მარტი — Sputnik. საქართველოს საჯარო სკოლების VII–IX კლასების მოსწავლეებს კვირის განმავლობაში გაკვეთილების რაოდენობა შეიძლება 33 საათამდე გაეზარდოთ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ჯერ კიდევ გასულ წელს განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ სკოლებში გაკვეთილების რაოდენობის შემცირება დააანონსა და აღნიშნა, რომ რამდენადაც შესაძლებელი იქნებოდა, გაკვეთილების ცხრილის განტვირთვა უნდა მომხდარიყო. თუმცა, ამჟამინდელი განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის პირობებში ცნობილი გახდა, რომ იგეგმება არა შემცირება, არამედ კვირის განმავლობაში სასწავლო საათების 2–3 საათით გაზრდა.
პროექტში საუბარია ახალი საგნის დამატებაზე, არჩევითი საგნების ბლოკის გაჩენაზე (დაახლოებით 40 საგანი, რომელიც ძირითად ცხრილში არ შედის), აღნიშნულ სამივე კლასში მათემატიკის სწავლების 4–დან 5 საათამდე გაზრდაზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ თუ VII–IX კლასებისთვის სწავლების საათების რაოდენობა განსხვავებული იყო, პროექტის თანახმად, ის გათანაბრდება.
განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ცხრილის ცვლილება ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავების შემდეგაა დაგეგმილი. პროექტი გათვალისწინებულია როგორც ქართულენოვანი, ისე არაქართულენოვანი სკოლებისთვის.