რა ბედი ეწევათ შვედეთში გასამართლებულ საქართველოს მოქალაქეებს

გამოწერა
მორგან იოჰანსონის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადახედვა პოლიტიკური დღის წესრიგში არ დგას.

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. საქართველო და შვედეთი შეიმუშავებენ ორმხრივ შეთანხმებას, რომლის თანახმად, შვედეთში მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქეები სასჯელს საქართველოში მოიხდიან, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შვედური მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შვედური მხარე საქართველოსგან მოითხოვდა შვედეთში სხვადასხვა დანაშაულისთვის ბრალდებული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას. შვედეთის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მორგან იოჰანსონის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს შვედეთთან არანაირი კავშირი არ აქვთ და მათ სასჯელი საკუთარ ქვეყანაში უნდა მოიხადონ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 13 მარტს საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ვიზიტით ეწვია შვედეთის სამეფოს. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა შვედეთის სამეფოს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრთან მორგან იოჰანსონთან, შვედეთის პოლიციის ეროვნულ კომისართან ანდერს თორნბერგთან და შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან ბიორნ სოდერთან.

სტოკჰოლმი - Sputnik საქართველო
შვედეთი საქართველოს: მოგვაშორეთ თქვენი კრიმინალები

შეხვედრაზე აღინიშნა შვედეთში საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულის კლების ტენდენცია, თუმცა მთავარ პრობლემად საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდა გამოიკვეთა.

იოჰანსონის განცხადებით, ის საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციას ეჭვქვეშ არ აყენებს და ამ საკითხის გადახედვა პოლიტიკურ დღის წესრიგში არ დგას. მან ასევე მზადყოფნა გამოთქვა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების განხილვის ვადების შემცირებასთან დაკავშირებით.

„შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ შვედეთში უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის მოთხოვნების თითქმის 100% სრულდება“, — ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება შვედეთში მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქეების საკუთარ სამშობლოში დაბრუნებას, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შვედეთი და საქართველო ამ საკითხზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

„შვედეთის მხარემ გვთხოვა, განგვეხილა საქართველოს მოქალაქეების საკითხი, რომლებიც იმყოფებიან შვედეთის პენიტენციურ სისტემაში, არის თუ არა შესაძლებელი მათი საქართველოში გადმოყვანა“, — განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
შვედეთი და საქართველო კრიმინალს ერთად შეებრძოლებიან

გარდა ამისა, შვედეთის სამეფოს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას ხელი მოეწერა ერთობლივ განცხადებას „საქართველოს მთავრობასა და შვედეთის სამეფოს მთავრობას შორის დანაშაულის და განსაკუთრებით საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შემდგომი გაძლიერების შესახებ“.

გიორგი გახარიასა და შვედეთის პოლიციის ეროვნული კომისრის შეხვედრის დროს ხაზი გაესვა საქართველოსა და შვედეთს შორის არსებულ წარმატებულ ოპერატიულ თანამშრომლობას. შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან ბიორნ სოდერთან შეხვედრისას კი კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს ევროპული მისწრაფებები.

ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე.

უვიზო რეჟიმით ქვეყნის 220 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა. ამასთან, 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის იანვრამდე ევროკავშირის ქვეყნებიდან იძულებითი დაბრუნების გზით საქართველოში 2000-ზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა.

2018 წლის იანვრის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა 1859 აპლიკაცია შევიდა. ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდის გამო შეშფოთება გამოხატა. გერმანიის გადაწყვეტილებით, მთლიანად შენგენის ზონაში რამდენიმე წლით შესვლა აეკრძალებათ იმ პირებს, რომლებსაც უარი ეთქვათ თავშესაფარზე.

საქართველოს ხელისუფლებამ უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევთა მიმართ კანონმდებლობის გამკაცრების გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ინიციატივის თანახმად, ადამიანის რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თვითონ მას დაეკისრება.

გარდა ამისა, იგეგმება გვარის შეცვლის პროცედურების გამკაცრება, რადგან საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე, რომლებსაც თავშესაფარზე უარს ეუბნებიან, ბრუნდება სამშობლოში, ნათესავების გვარზე გადადის და ისევ ევროკავშირის ქვეყნებში მიემგზავრება.

ყველა ახალი ამბავი
0