თბილისი, 15 მარტი — Sputnik. ცხოველთა მონიტორინგისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა თბილისში, ვეფხისა და მოყმის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე მტკვარში ჩავარდნილი ძაღლი გადაარჩინეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
როგორც „Sputnik–საქართველოს“ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში განუცხადეს, ძაღლი მტკვარში მილებს შორის იყო გაჭედილი და იხრჩობოდა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში შეტყობინება შევიდა, რის შემდეგაც ადგილზე სამაშველო სამსახური გამოცხადდა. მაშველთა ორმა ბრიგადამ სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ცხოველი სიკვდილს გადაარჩინა.
ოპერაცია საათნახევარზე მეტხანს გაგრძელდა. მაშველი, რომელმაც ძაღლი იხსნა, რატი მამუკაშვილია.
ამ დროისათვის გადარჩენილი ცხოველი თავშესაფარშია გადაყვანილი და პირველადი დახმარება უტარდება.