თბილისი, 15 მარტი — Sputnik. საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სპეციალისტების ექვსთვიანი ინტენსიური გადამზადების პირველი ეტაპი იწყება, ნათქვამია „ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბის“ (Israeli Techub) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტების გადამზადების პროექტი „ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბის“ ფარგლებში განხორციელდება. სასწავლო ცენტრი, რომელიც საქართველო–ისრაელის თანამშრომლობის ფარგლებში იქმნება, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაიხსნება.
„პროექტი ითვალისწინებს როგორც სპეციალისტების გადამზადებას, ასევე მათ გარანტირებულ დასაქმებას საერთაშორისო პროექტებში“, – ნათქვამია განცხადებაში.
ისრაელში საქართველოს საპატიო კონსულის მენი ბენიშის განცხადებით, მსგავსი პროექტები მომავალშიც გაგრძელდება.
„აქ ბევრი ბრილიანტია, ბევრი ახალგაზრდაა, რომლებსაც მიეცემათ შესაძლებლობა, რომ მიიღონ ცოდნა და შემდეგ უკვე დასაქმდნენ მაღალანაზღაურებად სამსახურში“, — განაცხადა ბენიშმა.
პროექტის პირველ ეტაპზე შერჩეული იქნება 30 აპლიკანტი, რომელთა გადამზადებისთვის გამოიყოფა 100%-იანი გრანტი. სწავლა აპრილის ბოლოს დაიწყება. კურსი ინტენსიურია და 500 საათს მოიცავს. მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა აპლიკაციები უნდა გაგზავნონ ვებ-გვერდზე www.techhub.ge. ორგანიზატორების განცხადებით, პრიორიტეტი მიენიჭება მოტივაციას, გამოცდილებას, მათემატიკური ან ლოგიკური აზროვნების უნარებს და ინგლისური ენის ცოდნას.
პროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ირაკლი მეზურნიშვილი და ილია წულაია, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და საქართველოს საპატიო კონსული ისრაელში მენი ბენიში.
პროექტი ისრაელის მხარის სრული დაფინანსებით ხორციელდება და ამისთვის განვითარების მრავალმილიონიანი ფონდი გამოიყოფა. პროცესში ისრაელის საუკეთესო სპეციალისტები არიან ჩართული.
პროექტი „ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბი“ საქართველოში 2017 წლის დეკემბერში გაიხსნა. იგი გულისხმობს სასწავლო ცენტრს, ისრაელის ტექნოლოგიურ პროექტებში დასაქმების და ახალი პროექტების განვითარების ხელშეწყობას.