თბილისი, 14 მარტი — Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა, რომელიც ადამიანის დაღუპვის გამო ნაწილობრივ იყო შეწყვეტილი, მთლიანად აღდგენილია, ნათქვამია „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
უბედური შემთხვევა მეტროს სადგურებს „დიდუბესა“ და „გოცირიძეს“ შორის ღია მონაკვეთზე მოხდა. დაახლოებით 70 წლის ასაკის მამაკაცს, რომელიც ლიანდაგებზე მოძრაობდა, მაატრებელი დაეჯახა. სატრანსპორტო კომპანიაში აღნიშნეს, რომ მემანქანის დროული რეაგირებისა და დამუხრუჭების მიუხედავად შეჯახების თავიდან აცილება ვერ მოხერხდა.
„მეტროს პირველი ხაზი 13:00 საათიდან გადასული იყო მუშაობის ზონალურ რეჟიმზე და მოძრავი შემადგენლობები მხოლოდ „სადგურის მოედნიდან“ „ვარკეთილის“ მიმართულებით მოძრაობდნენ“, — ნათქვამია განცხადებაში.
პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობის სრული აღდგენა საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ, დაახლოებით სამ საათში მოხერხდა.