თბილისი, 12 მარტი — Sputnik. გასულ უქმეებზე პარიზში ცნობილი ფრანგი მოდელიერი და Givenchy-ს მოდის სახლის ფუძემდებელი იუბერ დე ჟივანში გარდაიცვალა, იტყობინება რადიოსადგური RFI მოდელიერის ახლობელზე დაყრდნობით.
იუბერ დე ჟივანში 1927 წელს პარიზში დაიბადა და ხელოვნების სკოლის დასრულების შემდგომ, 25 წლის ასაკში თავისივე სახელობის სამოდელო სახლი დააარსა. ჟივანშის პირველივე კოლექციის ჩვენებას დიდი წარმატება მოჰყვა.
40 წლის მანძილზე ჟივანშის მუზა ცნობილი მსახიობი ოდრი ჰეპბერნი იყო. სწორედ მისთვის შექმნა მოდელიერმა თავისი პირველი სუნამო L’Interdit.
ჟივანშის სამოდელო სახლის კიდევ ერთი სახე მოდის კანონმდებლად წოდებული აშშ-ის პირველი ლედი ჟაკლინ კენედი გახლდათ.
ფრანგულ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუბერ დე ჟივანში 10 მარტს ძილში გარდაიცვალა.