თბილისი, 11 მარტი — Sputnik. თოვამ და ლიპყინულმა საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე პრობლემები შექმნა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
„გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, — ნათქვამია განცხადებაში.
დეპარტამენტის ცნობით, მლეთა-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე კი — მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
ამავე გზის 134-135-ე კილომეტრის (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მისი გაჩერება.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.
„ყაზბეგი–ზემო ლარსი" ამჟამად საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე ერთადერთი მოქმედი საკონტროლო-გამშვები პუნქტია.