თბილისი, 11 მარტი — Sputnik. ნერგების ფესტივალზე თბილისში 100 ხე დაირგვება, ნათქვამია ფესტივალის ორგანიზატორის GBTIMES Georgia-ს Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
12 მარტს თბილისში ჩინური სახალხო დღესასწაული — ნერგების ფესტივალი გაიმართება. გამწვანების აქცია 11:00 საათზე ვარკეთილში, სესილია თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერში დაიწყება. აქციის ფარგლებში დაირგვება 100 ხე, რომელიც თბილისს საჩუქრად ჩინეთის სავაჭრო პალატისა და ჩინური კომპანიებისგან გადაეცემა.
ასევე, გამწვანების აქციის ფარგლებში, ღონისძიების ტერიტორიაზე იგეგმება სხვადასხვა ტიპის გასართობ-შემეცნებითი აქტივობა, მათ შორის, GBTIMES Georgia-ს წევრი მედია საშუალებების (რადიო შოკოლადი, JAKO FM, LIFE FM) პირდაპირი მაუწყებლობა, მედია ჰოლდინგის პარტნიორი ჟურნალის — National Geographic საქართველოს მოკლე ლექცია ტყის მოვლის და დაცვის შესახებ, ცნობილი ადამიანების ჩართულობა აქციაში, ასევე სერთიფიკატებისა და სპეციალური ჯილდოების გადაცემა.
„ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის უფროსი, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი, ჩინური კომპანიები, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ“, — აღნიშნულია განცხადებაში.
ფესტივალი, GBTIMES Georgia-სა და ჩინეთის სავაჭრო პალატის ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს, თბილისის მერიისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.