თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ძლიერი ქარის გამო თბილისში 16:00 საათიდან 21:00 საათის ჩათვლით 54 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
სინოპტიკოსების პროგნოზებით, პარასკევსა და შაბათს თბილისში ქარის სიჩქარე წამში 25-30 მეტრს მიაღწევს. რეგიონებში ასევე ავდარია.
სამსახურის მონაცემებით, ძლიერი ქარის შედეგად თბილისში დაზიანდა 68 ხე, გარე განათების 7 ბოძი, 43 ელექტროსადენი, 6 ავტომანქანა, გაზის 5 ცენტრალური მილი და 6 სარეკლამო ბანერი.
ქარმა რეგიონებიც დააზარალა. შიდა ქართლსა და აჭარაში საცხოვრებელი სახლების სახურავები დაზიანდა. იმერეთის სოფელ საჯავახოში წვიმის შედეგად ჩამოიშალა მიწა, დაზიანებულია ხეები და ჩახერგილია გზის სავალი ნაწილი.
სამეგრელო — ზემო სვანეთის რეგიონში, მესტიის რაიონის სოფელ ლახამულაში ჩამოწოლილი ზვავის შედეგად ჩაიხერგა გზა. მარტვილში ადიდდა მდინარე ტეხურა, რის გამოც დატბორილია მიმდებარე ტერიტორია. მცხეთა-მთიანეთში მდინარე მტკვრის ადიდების შედეგად დატბორილია მიმდებარე ტერიტორია, დაზიანებულია ერთი საცხოვრებელი სახლი.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის გამოძახების მოთხოვნით მითითებულ დროში 254 ზარი განხორციელდა, მათ შორის, 166 თბილისში.
სამსახურის ცნობით, თბილისში, სახანძრო-სამაშველოს გამოძახების ყველაზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა დიდ დიღომში, დიღმის მასივში, საბურთალოზე, ისნისა და სამგორის რაიონებში.
ძირითადად, ზარები უკავშირდება შენობა-ნაგებობების დაზიანებას, ხეების წაქცევას, ბილბორდებისა და ელექტრობოძების დაზიანებას.