ევროკომისარმა უვიზო რეჟიმის შენარჩუნების საკითხში საქართველოს მხარდაჭერა აღუთქვა

© Photo: Courtesy of European Commissionდიმიტრის ავრამოპულოსი
დიმიტრის ავრამოპულოსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკომისარმა დიმიტრის აბრამოპულოსმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა მალე შედეგს გამოიღებს.

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ევროპაში თავშესაფრის მაძიებელი ქართველების რაოდენობის ზრდის გათვალისწინებით საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების შეხვედრაზე არ განხილულა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარზე დიმიტრის აბრამოპულოსზე დაყრდნობით. 

„რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დაინტერესდა, დასვა თუ არა გერმანიამ საკითხი საქართველოს მოქალაქეების შესახებ, რომლებიც უვიზო რეჟიმს არღვევენ და ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარს ითხოვენ, ასევე განიხილება თუ არა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება.

„როგორც გესმით, რა თქმა უნდა, ჩვენ ინფორმირებული ვართ ამ თემის შესახებ და გავუზიარეთ ჩვენი წუხილი საქართველოს ხელისუფლებას. მე პირადად მაქვს კონტაქტი საქართველოს ხელისუფლებასთან, რომელიც მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს ჩვენთან და ძალიან კონკრეტული ნაბიჯებით უპასუხოს საქართველოდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არალეგალურ მიგრაციას. ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ. მათ ექნებათ ჩვენი მხარდაჭერა, როგორც ეს იყო სხვა მსგავს შემთხვევებში“, – აღნიშნა ევროკომისარმა.

აბრამოპულოსის სიტყვებით, უვიზო რეჟიმი ითვალისწინებს უფლებებსა და მოვალეობებს. მან საქართველოში საინფორმაციო კამპანიის გააქტიურების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. 

ევროკავშირის და საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო
თავშესაფარის მაძიებლები ევროკავშირში – საქართველო „საპატიო" ექვსეულშია

ევროკომისარმა იმედი გამოთქვა, რომ კონკრეტული მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა შედეგს გამოიღებს.

იოზვიაკმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ექსპერტები აღნიშნული საკითხის განმეორებით განხილვას 26 მარტს დაუბრუნდებიან.

ევროპის ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის, გერმანია, საფრანგეთი, ისლანდია, შვედეთი შეშფოთებას გამოთქვამენ უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდის გამო. საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ მოგზაურობა შენგენის ზონის ქვეყნებში 2017 წლის მარტიდან შეუძლიათ. ამ დროის განმავლობაში უვიზოდ საქართველოს 220 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა. 

საქართველოს ხელისუფლებამ უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევთა მიმართებით კანონმდებლობის გამკაცრება გადაწყვიტა. ინიციატივის თანახმად,  რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი პირმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს.

გარდა ამისა, იგეგმება გვარის შეცვლის პროცედურის გამკაცრება, რამდენადაც საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე, რომელსაც უარს ეუბნებიან ევროპაში თავშესაფრის მიღებაზე, სამშობლოში ბრუნდება, ნათესავების გვარზე გადადის, შემდეგ კი კვლავ ევროკავშირის ქვეყნებში მიემგზავრება.

ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისათვის 2017 წლის მარტში აამოქმედა უვიზო რეჟიმი, რომლითაც უკვე 220 ათასმა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე.

ყველა ახალი ამბავი
0